მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი კიდევ ერთხელ შეინარჩუნა. ქართველმა მანმანამ შონ ომალი მეორედაც დაამარცხა და კვლავ მსოფლიო ჩემპიონია.
მერაბმა ბრძოლის შემდეგ თქვა, რომ მის არსენალში კიდევ მრავალი იარაღია და ჩვენს გაოცებას კიდევ ბევრჯერ ეცდება. მერაბის მოტივაცია კი ყოველთვის საქართველოა.
"შესანიშნავი განცდაა, აქ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იმყოფება. გაუმარჯოს ამერიკას, გაუმარჯოს საქართველოს. მიყვარხართ.
საუკეთესო სამსახურია და მადლობა დანა ვაითს, რომ ეს ორგანიზაცია შექმნა. მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ვარ. როდესაც ჩამოვედო არაფერი მქონდა, ახლა კი შემიძლია, მაგალითი ვიყო ახალი თაობებისთვის. მთავარია გქონდეთ მიზანი. იშრომეთ თქვენი მიზნების მისაღწევად და ყველაფერი გამოვა.
განსაკუთრებული ნიჭი არ მაქვს. ეს კარდიო გენეტიკურად არ მიმიღია. მეც ვიღლებოდი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. მძიმე შრომა და ვარჯიში აუცილებელია.
ჩემი მეტოქე კარგად მოემზადა. თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც ვმარცხებოდი, ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო. ჩემს არსენალში ბევრი იარაღია და ნელ-ნელა ყველაფერს ნახავთ.
დღეს, რომ ამ სიმაღლეზე ვარ, ეს ყველაფერი ჩემი გუნდის დამსახურებაა. მადლობა რეი ლონგოს, ჯონ ვუდს, ალჯამეინ სტერლინგს. ჩემი მოტივაციის წყარო ჩემი ქვეყანაა. საქართველო, მიყვარხარ", - განაცხადა დვალიშვილმა.