საქართველოს ნაკრები კაბო ვერდესთან თამაშისთვის ემზადება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად დანიის "კოპენჰაგენის" ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქუთაისში თამაში მისთვის ორმაგად დიდი მოტივაცია იქნება.
„ქუთაისში სანაკრებო თამაშის ჩატარება ძალიან კარგია და სასიხარულოა პირადად ჩემთვის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გულშემატკივარს კარგი თამაში ვაჩვენოთ და სახლში გახარებულები გავუშვათ. სეზონის ბოლოა, თუმცა როდესაც ნაკრებში ჩამოდიხარ, დაღლილობა მეორეხარისხოვანია, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ“, - აღნიშნა გოჩოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი დღის წინ ფარერებთან სპარინგი 1:0 მოიგო, ხოლო კაბო-ვერდეს 8 ივნისს, ქუთაისში დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.