„ლივერპულის“ ლეგენდამ ჯეიმი კარაგერმა კლუბის ფანები გააკრიტიკა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ „არსენალთან“ მატჩში „ენფილდ როუდზე“ ფანებმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს უსტვინეს.
როგორც კარაგერმა თქვა, მიუღებელია იმ ფეხბურთელის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, რომელიც ჯერ კიდევ შენი გუნდის მაისურით თამაშობს:
„ეჭვი არ მეპარება, რომ ლივერპულში ბევრი გულშემატკივარია გაბრაზებული ამ სიტუაციის გამო და ეს გასაგებია. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სწორია იმ ფეხბურთელის მიმართ სტვენა, რომელსაც ჯერ კიდევ წითელი მაისური აცვია, რომელიც კლუბს წარმოადგენს, რათა დაეხმაროს თამაშის მოგებაში ან ტიტულების მოპოვებაში. მესმის, რომ ძლიერი სიმწარეა, ეს მესმის და შეიძლება გარედან ამ სიტუაციის გაგება ადვილი არ არის, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ფეხბურთელის მიმართ სტვენა, რომელიც ჯერ კიდევ შენს გუნდს წარმოადგენს“, - თქვა კარაგერმა.
შეგახსენებთ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.