„კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა „კლუჟთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
მან ისაუბრა, როგორც თავის გუნდზე და საკუთარ თავზე, ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატებები უსურვა:
„ხვიჩას ფინალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, ის ძალიან თავდაჯერებულია, ფიზიკურად ძლიერი, მენტალურად მომზადებული, ის დიდი პროფესიონალია, ორივე ფაზაში თამაშობს, შეტევაში, დაცვაში, მრავალმხრივი ფეხბურთელია, ნამდვილი ჩემპიონი და ვუსურვებ ფინალის მოგებას, არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც ბევრი ტიტულის მოგებას.
ჩემპიონობის შანსის დაკარგვა მტკივნეული იყო, იმედგაცრუება არსებობდა, მაგრამ ეს რთული მომენტი ერთად გამოვიარეთ, ვცდილობთ, საუკეთესო ატმოსფერო შევქმნათ, რადგან ევროთასებზე გასვლა გვსურს. ასეთია ცხოვრება, რთული მომენტებით, მაგრამ სხვა შანსიც გეძლევა, ახლა ყველა მზადაა, რომ სამი ქულისთვის და მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ.
„კლუჟი“ ძალიან ორგანიზებული გუნდია, მომწონს მათი თამაში, ყველაფერს ერთად აკეთებენ, შეტევაშიც და დაცვაშიც, რთულია მათ წინააღმდეგ თამაში. საუკეთესო ბომბარდირი ჰყავთ, ლუი მუნტეანუ, ის სახიფათოა, როცა შანსი ეძლევა იყენებს, თუმცა „კლუჟს“ სხვა კარგი ფეხბურთელების ჰყავს.
100%-ით არ ვიყავით კონცენტრირებული იმაზე, რაც მოედანზე უნდა გაგვეკეთებინა და ჩემპიონობის შანსიც ამიტომ დავკარგეთ. ამიტომ, ახლა მეორე ადგილი სეზონის გადარჩენის საუკეთესო ვარიანტია. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც გუნდმა, რომელსაც გამარჯვება სჭირდება.
ტრანსფერზე ვერაფერს ვიტყვი, კლუბთან კონტრაქტი მაქვს, აქ ბედნიერი ვარ, მხოლოდ მომდევნო მატჩზე და ჩვენს მიზნებზე ვფიქრობ“, - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.