„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონპელიესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელმა სპეციალისტმა უმეტესწილად სეზონის დარჩენილ ნაწილსა და მომავალ ორ ფინალზე ისაუბრა, მზადების პროცესსა და მზადყოფნის მნიშვნელობაზე:
„გვაქვს განსაზღვრული გეგმა, რათა ორ ფინალს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვითამაშებთ, ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილი ეროვნულ ნაკრებებში წავა, თითოეულ მოთამაშეს პერსონალიზირებული გეგმა სჭირდება. ჩვენ მიზნების მიღწევამდე ბოლო მატჩები დარჩა. ფეხბურთელები მენტალურად განახლებულ დონეზე უნდა იყვნენ. ვთამაშობთ „მონპელიეს“ და „ოსერის“ წინააღმდეგ, რაც ჩვენი გეგმის შესრულებაში დაგვეხმარება.
დემბელე კარგადაა, მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ფეხბურთელებმა კარგად უნდა დაისვენონ, 24-ში ერთი ფინალი გვაქვს, 31-ში მეორე, ამჟამად გრაფიკი იდეალურია. ხვალ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ითამაშებს, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის და გუნდისთვის. რაც უფრო მზად ვიქნებით ფინალამდე, მით უკეთესი. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად.
როდესაც მწვრთნელი ახალ კლუბში მიდის, სხვა ენით, ძნელია ადაპტირება, იმის გაგება, თუ რა სურს მწვრთნელს. ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი, თავიდანვე სიყვარულით მიმიღებს, ფეხბურთელებმა, კლუბმა და გულშემატკივრებმა გამიგეს. თავიდან კრიტიკა იყო, ეს ნორმალურია, მივეჩვიე. მაგრამ გვქონდა მენტალიტეტი, რომ შეგვენარჩუნებინა რწმენა და თავდაჯერება. ახლა დროა, მოახლოებული ფინალებისთვის და ისტორიის დასაწერად მოვემზადოთ.
ფეხბურთელობა ერთ-ერთ საუკეთესო ცხოვრებას ნიშნავს, მაგრამ არსებობს უარყოფითი მხარეებიც: არ გვაქვს დრო მეგობრებთან და ოჯახთან დროის გასატარებლად. ახლა, მატჩების მიუხედავად, შეგვიძლია ფეხბურთელებს დასვენების დრო მივცეთ, მაგრამ ვარჯიშებზე კონკურენტუნარიანი უნდა იყვნენ. ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო, კონკურენტუნარიანი უნდა იყო, იქნება ეს საფრანგეთის თასის ფინალი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი თუ პადელის მატჩი მეგობრებთან.
პსჟ-სთვის ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი გულშემატკივრებთან ერთად (2020 წელს, კოვიდპანდემიის გამო ფინალი უმაყურებლოდ ჩატარდა). თუ რომელიმე გუნდი იმსახურებს გამარჯვებას ამდენი ხნის შემდეგ, ვიცი, რომ ეს „პარი სენ-ჟერმენია“, მაგრამ ზედმეტი დადებითი ენერგია, სახიფათოა. ვიცი, რომ კლუბი იმ წელს დაარსდა, როცა მე დავიბადე, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კავშირი გაამართლებს და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებთ. ვეცდებით, პირველებმა გავაკეთოთ ეს. ვიცით, რომ იგივე სურს „ინტერს“, მაგრამ იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ. გუნდი, გულშემატკივრები ამას იმსახურებენ, ვიმსახურებთ ამ შანსს, რომ ფინალში ვითამაშოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „მონპელიესა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 10 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.