საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდა!
საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ტიტე კალანდაძის გუნდმა საბერძნეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 29:26 დაამარცხა. მთელი მატჩი დაძაბული იყო, უფრო მეტად სტუმრები ლიდერობდნენ, მაგრამ თამაშის მიწურულს უპირატესობა ქართველმა ხელბურთელებმა მოიპოვეს და მოიგეს.
საქართველოს ნაკრებში გიორგი დიხამინჯია გამოირჩა 7 გოლით, ერეკლე კბილაშვილმა 6 გოლი გაიტანა, ერეკლე არსენაშვილმა 5, გიორგი ცხოვრებაძემ 4, ვახტანგ ხელისუფალმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ და გიორგი აროშიძემ ორ-ორი, ხოლო მირიან გავაშელიშვილმა 1. შესანიშნავი იყო მეკარე დავით ნიქაბაძეც.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეორე ადგილი გაინაღდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზეა, ხოლო ბოლო ტურში 11 მაისს, სტუმრად ისლანდიას შეხვდება, რომელიც სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით არაფერს წყვეტს.
კალანდაძის გუნდმა შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთსა და ისლანდიასთან ზედიზედ ორი მარცხი განიცადა, მაგრამ შემდეგ მიჯრით ორჯერ აჯობა ბოსნიას, ახლა საბერძნეთს და ამ სამი მოგებით კონტინენტის პირველობაზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წლის იანვარში ითამაშა, სადაც ბოსნია დაამარცხა, ხოლო ნიდერლანდებსა და შვედეთთან წააგო.
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე ნორვეგიაში, შვედეთსა და დანიაში ჩატარდება.
საქართველო - საბერძნეთი 29:26 (14:16)