საქართველოს ნაკრების და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე „რომაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა.
„რომამ“ „გალათასარაიდან“ ვიქტორ ნელსონის იჯარით დამატება ამჯობინა და ქართველი ისევ „ემპოლიში“ რჩება, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე.
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ბოლო საათებში გოგლიჩიძის ამბავს ასეთი წერილით გამოეხმაურა:
„საბა გოგლიჩიძის სევდიანი ამბავი: შაბათს საღამოს მისმა აგენტებმა რომასთან 2029-წლამდე კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს, იმდენად, რომ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ემპოლის მწვრთნელ რობერტო დ’ავერსას სთხოვა „იუვენტუსთან“ არ ეთამაშა. ისმაილის ტრავმის გამო იძულებული გახდა მოედანზე გასულიყო, მაგრამ კატასტროფული გავლენა იქონია "იუვენტუსის" მინიმუმ ორ გოლში (განსაკუთრებით, კოლო მუანის 1:1-ის გოლია მის სინდისზე). კვირა საღამოს "რომამ" უკან დაიხია და გადაწყვიტა აერჩია უფრო იაფი ვარიანტი - ნელსონი. კოშმარული და ნეგატიურად გასახსენებელი კვირა დღე 20 წლის ფეხბურთელისთვის. ცდუნებული და მიტოვებული“, - წერს სკირა.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვრიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელით „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ატალანტაც“ იყვნენ დაინტერესებული.
"რომამ" ცოტა ხნის წინ, გასულ ზაფხულს, ორი ცენტრალური მცველის ტრანსფერი ჩაშალა ბოლო მომენტში: კევინ დანსო სამედიცინო შემოწმებაზე ჩააგდო, ხოლო ტიაგო ჯალო რომში ჩაიყვანა, რამდენიმე საათი სასტუმროში ალოდინა და შემდეგ უკან, ტურინის, "იუვენტუსში" დააბრუნა.