კალათბურთი

13:50 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 24 ქულა და გამარჯვების მომტანი სამქულიანი ბოლო წამზე (+VIDEO)

დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი საბერძნეთში და პირველი გამარჯვება “ესპეროსის” შემადგენლობაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი საბერძნეთის რანგით მეორე – ელიტ ლიგად წოდებულ დივიზიონში გამოდის, სადაც თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.სანაძემ “ესპეროსის” შემადგენლობაში მე-5 მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მე-20 ტურის მატჩში ესპეროსმა “ფსიხიკოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 97:96 მოუგო. ესპეროსელებმა გამარჯვების მოპოვება ოვერტაიმში, დუდას სამქულიანით მოახერხეს, რომელიც ქართველმა უკანახაზელმა დამატებითი დროის ბოლო წამზე ჩააგდო. სანაძე სასტარტოში იყო და მოედანზე 44 წუთი გაატარა. ანუ მან მხოლოდ 1 წუთი დაისვენა. ამდენივე ითამაშა გუნდის მეორე ლეგიონერმა, ამერიკელმა რაიან ალენმა, რომელმაც ქართველ უკანახაზელთან ერთად მატჩის უმაღლესი შედეგი დააფიქსირა.

დუდამ 10-დან 5 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. 44 წუთში მას დაკარგვა არ ჰქონია. რაიან ალენის ანგარიშზე 30 ქულა დაგროვდა, თუმცა ამერიკელსაც და ქართველსაც სარგებლიანობის თანაბარი კოეფიციენტი – 24 ჰქონდათ.

GBF.GE


0.129391