ფეხბურთი

19:34 | 15.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

წაუგებელი გუნდი, რომელიც თამაშებს ვერ იგებს: ყველაფერი, რაც "იუვენტუსში" არ მუშაობს

ტურინის „იუვენტუსს“ უცნაური სეზონი აქვს - სერია A-ში 16 ტური დაუმარცხებლად განვლო, მაგრამ მხოლოდ 6 თამაში მოიგო, ასეთი ცუდი მაჩვენებელი კი, 1998-1999 წლების სეზონის შემდეგ პირველად აქვს.

16 ტურში 10 ფრე, მათ შორის, ბოლო 4 ზედიზედ. შედეგად, „იუვენტუსი“ 16 ტურის შემდეგ მიუხედავად დაუმარცხებლობისა და სერია A-ში ერთადერთია, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია, მხოლოდ მეექვსე ადგილზეა ლიდერ „ატალანტასთან“ 9-ქულიანი ჩამორჩენით, „ნაპოლისთან“ -7 ქულით და ჩემპიონთა ლიგის ზონასთანაც საგანგაშო ჩამორჩენით.

ტურინული გრანდის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ თქვა, რომ „იუვენტუსის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მეტოქეებს მისი აღარ ეშინიათ. ეს სიმართლეა, ახლა, ნებისმიერი რანგის გუნდს შეუძლია „იუვესთან“ მოსაგებად ითამაშოს, საუკეთესო წლებში ეს წარმოუდგენელი იყო.

ტიაგო მოტას გუნდის პრობლემები, რომლებიც ხელის გულზეც ჩანს, ასეთია:

უშედეგო ბურთის ფლობა

„იუვენტუსს“ ბურთის ფლობის 61% აქვს საშუალოდ. განვლილ 16 ტურში ყოველთვის აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ ეს არ ისახება საგოლე მომენტებში. „ბიანკონერი“ მხოლოდ მე-8 ადგილზეა კარისკენ დარტყმებით (119 სულ) და მე-9 პოზიციაზე კარში დარტყმებით (57). ტიაგო მოტას გუნდი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყოველთვის ხელთ აქვს თამაშის სადავეები, მაგრამ ხშირად შემოიფარგლება ჰორიზონტალური ან უკან პასებით. ფლანგის მცველები თითქმის არასდროს ერთვებიან შეტევაში (კამბიაზოს გამოკლებით) და გარემარბებს (კონსეისაო და ილდიზი) მარტო უჭირთ მეტოქის გაორმაგებული დაცვის ზღუდეების გადალახვა. „იუვე“ ვერასდროს ახერხებს თამაშის ტემპის შეცვლას და მეტოქის ნახევარზე აგრესიული თამაში შორეული მოგონებაა, რომელიც მხოლოდ სეზონის საწყის მატჩებში ვნახეთ.

სიცარიელე

დუშან ვლაჰოვიჩი და შემდეგ სიცარიელე. 35 გოლიდან, რომელიც „იუვენტუსმა“ სეზონში გაიტანა, 11 სერბი ფორვარდის ანგარიშზეა. გარდა ამისა, 11 გოლი სამი ფეხბურთელის აქტივშია - ილდიზი (4), ვეა (4) და მაკკენი (3). ცენტრალური ნახევარმცველების ანგარიშზე მხოლოდ 4 გოლია (3 - მაკკენის) და 1 გოლი გაიტანა კოპმაინერსმა „ბოლონიასთან“. ლოკატელის, ტურამის, ფაჯოლისა და დუგლას ლუისს გოლი არ გაუტანიათ. შარშან, მოტას „ბოლონიას“ დამატებითი იარაღი სწორედ ნახევარმცველების გოლები იყო: სეზონში გატანილი 58 გოლიდან 17 ცენტრალურ ნახევარმცველებზე მოდიოდა.

ნერვიულობა გუნდში

ჯერ „ბოლონიასთან“ ტიაგო მოტა გააძევეს, ამას გუშინ მოჰყვა კამათი ვლაჰოვიჩსა და ფანებს შორის. იგრძნობა, რომ გუნდში მშვიდი ვითარებაა არაა და ფანების პროტესტი უკვე ღიად დაიწყო ფეხბურთელების და მწვრთნელის მისამართით.

მოჯადოებული „სთედიუმი“

„იუვენტუსისთვის“ პრობლემაა შინ თამაში, სადაც 9-დან მხოლოდ სამი მატჩი მოიგო სერია A-ში (კომოსთან, ლაციოსა და ტორინოსთან), ხოლო 2 ჩემპიონთა ლიგაზე (პსვ-სა და მანჩესტერ სიტისთან) 3 მატჩიდან. მას შემდეგ, რაც „ალიანც სთედიუმი“ არსებობს (2011-2012 წლების სეზონიდან) ტიაგო მოტას „იუვეს“ აქვს ქულების ყველაზე საშუალო ცუდი მაჩვენებელი - 1.67 ქულა საშუალოდ მატჩში, მაშინ, როცა წინა 13 წელიწადში „იუვე“ შინ საშუალოდ 2.47 ქულას აგროვებდა. „იუვეს“ შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და როგორც ჩანს, წნეხი, რომლის მიხედვით, გამარჯვება ერთადერთია, რასაც აზრი აქვს, მათზე მოქმედებს.

უპირატესობის შენარჩუნების პრობლემა

„იუვენტუსმა“ სერია A-ს დიდი გუდებიდან ყველაზე მეტი ქულა დაკარგა სიტუაციიდან, როცა თამაშს იგებდა - 8 ქულა. „იუვე“ უგებდა „კალიარის“, „ინტერს“, „ლეჩეს“ და „ვენეციას“, მაგრამ ოთხივე შემთხვევაში ფრეს დასჯერდა, რაც დაკარგული 8 ქულაა. სატურნირო ცხრილის ზედა ექვსეულში მსგავს სიტუაციაში „ატალანტამ“ დაკარგა 6 ქულა, „ლაციომ“ 5, „ინტერმა“ (და „მილანმაც") 4, „ფიორენტინამ“ 3 და „ნაპოლიმ“ მხოლოდ - 2.

პატარა გუნდებთან დაკარგული ქულები

„რომა“, „კალიარი“, „პარმა“, „ლეჩე“ და „ვენეცია“ - ეს არის 5 ფრე, რომელიც „იუვეს“ დაკარგულ 10 ქულად დაუჯდა, გუნდებთან, რომლებიც სატურნირო ცხრილის მეორე ათეულში არიან. მხოლოდ „მილანს“ (1.83 ქულა საშუალოდ მატჩში) აქვს „იუვეზე“ ცუდი შედეგი მსგავს მეტოქეებთან (1.89 ქულა საშუალოდ „იუვეს“), მაგრამ მილანელებს 3 მატჩით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული ქვედა ათეულის წარმომადგენლებთან. „ნაპოლი“ ქვედა ათეულის გუნდებთან საშუალოდ 2.62 ქულას აგროვებს, „ინტერი“ 2.5-ს, „ფიორენტინა“ 2.4-ს, „ლაციო“ 2.25-ს და „ატალანტა“ 2.1-ს. ჩემპიონატში, სადაც კონკურენტებთან მატჩები ძალიან თანაბარი და დაბალანსებულია, შედარებით სუსტ მეტოქეებთან დაკარგული ქულები ძალიან ძვირად ფასობს.

სტაბილურობის ნაკლებობა

პარადოქსია, რომ გუნდს, რომელსაც სერია A-ში თამაში არ წაუგია და მთლიანად სეზონში მხოლოდ 1 მატჩი წააგო (შტუტგარტთან ჩემპიონთა ლიგაზე), სტაბილური შედეგები არ აქვს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე „იუვეს“ ზედიზედ ორზე მეტი გამარჯვება არ მოუპოვებია, მაშინ, როცა „ატალანტამ“ ზედიზედ 9 თამაში მოიგო, „ლაციომ“ და „ფიორენტინამ“ 7-7, „ნაპოლიმ“ 6, „ინტერმა“ 5 და „მილანმაც“ კი, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს, მოახერხა ზედიზედ 3 თამაშის მოგება. „იუვენტუსმა“ კი, მიმდინარე სეზონში ჯერ ზედიზედ 3 თამაში ვერ მოიგო.

დაუკომპლექტებელი შემადგენლობა

„იუვენტუსის“ კიდევ ერთი პრობლემა შემადგენლობაა, რაც ბევრი ტრავმით კიდევ უფრო დამძიმდა. გუნდს არ ჰყავს დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელი, რადგან არეკ მილიკი მთელი სეზონია ლაზარეთშია და არავინ იცის, როდის დაბრუნდება. ამიტომ, „იუვეს“ ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება უფორვარდოდ მოუწია, როცა ვლაჰოვიჩსაც ტრავმა ჰქონდა. გუნდს გამოაკლდა ორი ცენტრალური მცველი სეზონის ბოლომდე, რის გამოც დაცვაში მოტა ალტერნატივების გარეშე დარჩა. გუნდში არ არის მანუელ ლოკატელის შემცვლელიც, „ვენეციასთან“ ეს კარგად გამოჩნდა, გუნდში არ არის ასეთი თვისებების მქონე სხვა ფეხბურთელი. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის ხელმძღვანელობას მოქმედება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 28 ქულით მეექვსე ადგილზეა (6 მოგება, 10 ფრე, 0 წაგება), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6 ტურში 11 ქულა მოიპოვა (3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). ტიაგო მოტას გუნდი 17 დეკემბერს, იტალიის თასზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

თეგებიიუვენტუსი
0.109293