ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაში ზამთრის არდადეგებმა დაისადგურა და მეორე ჯგუფური ეტაპი 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განახლდება.
მე-3 ტურის შემდეგ ელიტის პირველ ჯგუფში მაქსიმალური შედეგით ლიდერობას ‘ლელო’ აგრძელებს. ჩემპიონმა სამივე შეხვედრა ბონუს-ქულით მოიგო, 15 ქულა დააგროვა და ასევე 3 მატჩის მომგებ ‘ბათუმს’ 2 ქულით უსწრებს. რუსთავის ‘ხარები’ პირველი მარცხის შემდეგ 8 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა. ‘აკადემია’ 5 ქულით მე-4 ადგილზე განთავსდა. 1 ქულის მქონე ‘ფოთი’ ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე დაქვეითდა. უქულოდ მყოფი ‘წიქარა’ კი ჯგუფის აუტსაიდერად რჩება.
„პარკი არენაზე“, ‘ფოთი’-‘ლელოს’ შეხვედრის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. კოლხები ორგანიზებულად და დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ. მგეზავ ლუკა ჭაკუას გატანილი ეული ჯარიმით ‘ფოთი’ შესვენებაზე 3 ქულიანი უპირატესობით წავიდა.
მეორე ტაიმში ჩემპიონმა ტემპს უმატა და ჩვეული დომინანტური ბოჭვებით კოლხებზე ზეწოლა გააძლიერა. დიდ დიღმელებმა მოპოვებული სათამაშო უპირატესობა 3 უპასუხო ლელოში ასახეს. თავი ჯერ კვაჭმა საბა ჯიბღაშვილმა და მგეზავმა კაპიტანმა გიორგი გაბუნიამ გამოიჩინეს, ხოლო მარქაფადან ჩართული მარბიელის საბა გიორგაძის გატანილმა ლელომ ბექა ყორიაულის ბიჭებს მატჩი დაგეგმილი პრემიალური ქულით მოაგებინა - 19:3.
„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-‘ბათუმის’ შეხვედრის დებიუტშივე სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა. მარბიელ გოგა ჭაღალიძისა და ჰავბეკ მათე ბოლქვაძის გარდასახული ლელოებით აჭარლები 14 ქულით დაწინაურდნენ. მღლეტელ ნიკოლოზ მენაბდიშვილისა და ბურჯ გიორგი ხუმარაძის დადებული ლელოებით ქვემო ქართლელებმა ტაიმებში ანგარიშის სხვაობის შემცირება 2-ჯერ მოახერხეს, თუმცა უკეთ მობურთავე ბათუმელებთან ვერაფერს გახდნენ. მეორე ტაიმში აჭარელთა შუამარბმა გოგა ბერიძემ მიჯრით წყვილი ლელო გაიტანა. შეხვედრის მიწურულს კი მხტომელ თორნიკე მარგალიტაძის დადებული ლელოთი გელა ჭოველიძის გუნდმა მატჩი ბონუს-ქულით მოიგო - 31:12.
„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘წიქარას’ შეხვედრის დებიუტში მხტომელ დაჩი მაღლაკელიძის გარდაუსახავი ლელოთი სტუმრები დაწინაურდნენ, რის შემდგომ უპირატესობას ნიკა ჩიტალაძის შეგირდები ფლობდნენ. „მხატვარებმა“ მთლიანობაში მეტოქეზე 2-ით მეტი, 5 ლელო გაიტანეს. ‘აკადემიას’ მარბიელმა ნიკა გოგუაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და საკუთარი გუნდის პირველ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მატჩის საბოლოო ანგარიშიც გოგუაძის გატანილი მესამე ლელოთი დაფიქსირდა - 34:19.
მეორე ჯგუფს კი მაქსიმალური შედეგით სათავეში ‘ხვამლი’ უდგას. მუხიანელთა აქტივში 15 ქულაა, რაც მათსავით 3 მოგების მქონე ‘არმიას’ მონაგარს 2 ქულით აღემატება. ლიდერებს კვალში 10 ქულით ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ უდგას. რიონისპირელთა მეორე გუნდი, ‘აია’-2 კი 4 ქულით მე-4 პოზიციაზე რჩება. ‘ლოკომოტივმა’ პირველი საცხრილო ქულა აიღო და თავი ბოლო ადგილს დააღწია. უქულოდ მყოფი მარნეულის ‘არმაზი’ ჯგუფის აუტსაიდერად იქცა.
„აია არენაზე“, ‘აია’-2-მა ‘ლიდერ ‘ხვამლს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ასაკით უმცროს, 2009 წელს დაბადებული მორაგბეებით დაკომპლექტებულ რიონისპირელთა მეორე გუნდს მუხიანელებმა 9 უპასუხო ლელო დაუდეს. დათო ცხვედიანისა და რატი ურუშაძის გუნდის წამატებას სათავე ბურჯი კაპიტნის, ლუკა ბარბაქაძის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული კიდევ ერთი ბურჯის ცოტნე ხვისტანის დადებულმა ლელომ დაუსვა. მუხიანელთა ფრთა გიორგი ირემაძემ „დუბლი“ შეასრულა, ვინაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც იქნა მიჩნეული. ‘ხვამლმა’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო - 55:0.
ქუთათურთა მთავარი გუნდი ‘აია’ კი მარნეულის ‘არმაზს’ ვაზისუბნის სარაგბო არენაზე ეწვია. ვიცე-ჩემპიონი ტაიმნახევარი დომინირებდა. სტუმართა მხტომელ დათო ლაცაბიძის შესრულებულ „დუბლს“, ბურჯ დათო კუჭუხიძისა და მარბიელ ბადრი ფხაკაძის გატანილი ლელოებიც დაერთო. მატჩის დასკვნითმა ნაწილმა კი მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. ‘არმაზის’ კვაჭ გიორგი დევაძის დადებულმა წყვილმა ლელომ რიონისპირელებს პრემიალური ქულით გამარჯვება არ დაანება. ‘აიამ’ მატჩი 24:12 მოიგო.
‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘ლოკომოტივი’-‘არმიას’ დედაქალაქური დერბი უაღრესად დაძაბული გამოდგა. „არმიელთა“ შუამარბი კაპიტნის, ლუკა სუთიძის გარდაუსახავ ლელოს, „რკინიგზელთა“ მგეზავმა დაჩი მახათაძემ 3 გატანილი ჯარიმა დაუპირისპირა და ‘ლოკომოტივი’ ანგარიშში 4 ქულიან უპირატესობას მატჩის მიწურულამდე ინარჩუნებდა. ‘არმია’ ძალუმად უტევდა და შეხვედრის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე თანაგუნდელთა სწრაფი იერიში მარქაფადან ჩართულმა მგეზავმა მურად ხორიაშვილმა გარდასახული ლელოთი დააგვირგვინა. დრამატული შეხვედრა ‘არმიამ’ 12:9 მოიგო, „რკინიგზელები“ კი ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ.
RUGBY.GE