ფეხბურთი

17:22 | 3.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკმანის შოუ "მარადონაზე": "ნაპოლის" წაუგებელი სერია "ატალანტამ" შეწყვიტა

იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ 9-მატჩიანი დაუამარცხებელია სერია (8 მოგება, 1 ფრე) დასრულდა, თუმცა, ლიდერის პოზიციას ამ ტურის მერეც შეინარჩუნებს.

ანტონიო კონტეს გუნდი მე-11 ტურში საკუთარ მოედანზე ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 0:3 დამარცხდა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა ადემოლა ლუკმანმა ნეაპოლელებს ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაუტანა. შემდეგ „ნაპოლიმ“ ვერაფერი შეცვალა, რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, მატეო რეტეგიმ ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზოგადად, იმ მატჩებშიც, რომლებიც „ნაპოლიმ“ წინა ტურებში მოიგო, თამაშის ხარისხი ცუდი და დამაფიქრებელი იყო.

ხვიჩა კვარაცხელიამ 71-ე წუთამდე ითამაშა, სანამ დავიდ ნერეში შეცვლიდა. საწყის წუთებში ქართველი აქტიურობდა, თუმცა, როგორც მთლიანად მის გუნდს, არც მას ჰქონია საუკეთესო თამაში. სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 11 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი, საგოლე პასით გამოირჩა.

„ნაპოლი“ 25 ქულით პირველ ადგილზეა და ამ ტურში ლიდერობის დაკარგვის საფრთხე არ აქვს, ხოლო მომდევნო ტურის მატჩს 10 ნოემბერს, სტუმრად მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„ატალანტა“, რომელსაც არასახარბიელო სტარტი ჰქონდა, ზედიზედ მეხუთე მოგებით ამ დროისთვის მეორე ადგილზეა 22 ქულით, „ნაპოლის“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

„ნაპოლი“ – „ატალანტა“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ლუკმანი (10), 0:2 ლუკმანი (31), 0:3 რეტეგი (90)

0.11608