ფეხბურთი

11:35 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

So Foot: პსჟ-სთვის ოსიმენი გოლების გარანტია იქნებოდა, კვარაცხელიას თამაში წაკითხვადი გახდა

ფრანგული გამოცემა So Foot-ი წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ვიქტორ ოსიმენის ყიდვა უფრო სწორი იქნება, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიას.

გამოცემის აზრით, ქართველის თამაში უფრო პროგნოზირებადია, ხოლო ოსიმენი გოლების გარანტიას იძლევა.

„მართლა აქვს თუ არა აზრი პსჟ-სთვის კვარაცხელიას ტრანსფერს? კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ ფრანგები იძულებული არიან შეტევა გააძლიერონ. ასე რომ, ეს სიცარიელე შეიძლება ბრედლი ბარკოლას პოტენციურმა კონკურენტმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეავსოს.

თუმცა, პირველი პრობლემა აურელიო დე ლაურენტისია, რომელიც 100 მილიონ ევროს ითხოვს და ვიცით, რამდენად რთულია მისი დარწმუნება. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები სწავლობენ 60-მილიონიანი შეთავაზებისა და პლუს რამდენიმე ფეხბურთელის საკითხს, მაგრამ მოლაპარაკებები გართულებულია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პსჟ-ში სხვა პოზიციების გაძლიერება უფრო პრიორიტეტულია, მაგალითად, ცენტრალური დაცვის და ნახევარდაცვის.

მეორე პრობლემა: ნეაპოლელთა სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, რომელიც „კვარადონას“ შეუცვლელად მიიჩნევს. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ „ნაპოლი“ ევროტურნირებზე არ ითამაშებს და ეს სეზონი ქართველისთვის საუკეთესო არ იყო. ახლა ის უფრო პროგნოზირებადია დრიბლინგებში და იმაში, რასაც მოედანზე აკეთებს. პსჟ-სთვის უფრო სწორი გამოსავალი იქნებოდა ოსიმენზე ფოკუსირება: უფრო ძვირი დაჯდებოდა (120-130 მილიონი), მაგრამ ეს პარიზელებს გოლების უფრო მეტ გარანტიას მოუტანდა პოსტ-მბაპეს ერაში“, - წერს გამოცემა.

0.121161