ფეხბურთი

20:34 | 1.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

Foot Mercato: კვარაცხელია და "ნაპოლი" კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, პსჟ ამით სარგებლობას აპირებს
ქართველ ფეხბურთელზე საუბარი იტალიურ და ფრანგულ მედიაში არ წყდება

ფრანგული გამოცემა Foot Mercato წერს, რომ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული არ არის, შესაბამისად, პსჟ ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.

წყაროს თანახმად, პარიზელები მზად არიან „ნაპოლის“ 120 მილიონი შესთავაზონ (მაგალითად, გუშინ „ეკიპი“ წერდა, რომ ფრანგული კლუბი 60 მილიონის გადახდაზეა თანახმა), მაგრამ საკმარისია თუ არა, ეს თანხა აურელიო დე ლაურენტისის დასარწმუნებლად? რა თქმა უნდა - არა.

პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს მონაკოში შეხვდა და ტრანსფერზე ესაუბრა. თავის მხრივ, დე ლაურენტისი კვარას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, თან სურს, რომ ხელშეკრულებაში შეიტანოს გამოსასყიდი პუნქტი, რომლის ფასი 160 მილიონი ევრო იქნება.

თუმცა, კვარას მოთხოვნები სხვაგვარია: სეზონში 6 მილიონი ევრო ხელფასის სახით (ეს თანხა ახლოსაა პსჟ-ს მიერ შეთავაზებულ ხელფასთან) და ასევე სურს, რომ მისი გამოსასყიდი ფასი არა 160 მილიონი, არამედ მაქსიმუმ 130 მილიონი ევრო იყოს.

ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გრძელდება და ძალიან სწრაფად ძალიან ბევრი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.110851