“ა” ლიგის პლეი ოფი დაიწყო მეორე ნახევარფინალურ სერიაშიც, რომელშიც ერთმანეთს სოხუმი-საქართველო და თელავის ბურჯი ერკინებიან. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა სოხუმელებმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში კახეთის გუნდს ხვდებიან. სერიაში გამარჯვება 2 მოგებამდეა, მოედნის უპირატესობა კი სოხუმელებს აქვთ, რომლებმაც ბურჯს დღეს ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლეს.
შეხვედრა სოხუმი-საქართველოს უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი პერიოდი 6 ქულით მოიგო. მეორე ათწუთეულში თელაველებმა თამაში გამოასწორეს და ნიკა ჩაველაშვილის გუნდმა დიდი შესვენებისთვის ანგარიში გაათანაბრა – 42:42. თამაშის სცენარი მისი განახლებისთანავე შეიცვალა. სოხუმი-საქართველოს ამერიკელმა ლეგიონერმა დეშონ გრინმა მამუკა ბაზუაშვილისა და ნიკა ლეონიძის მხარდაჭერით თავის გუნდს გაქცევის საშუალება მისცეს და პერიოდის 27:19 მოგებით მასპინძლებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს.
თელაველები ეცადნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში ვერაფერი შეცვალეს. შეხვედრა სოხუმი-საქართველოს გამარჯვებით – 90:79 (სტატისტიკა) დასრულდა, რომელიც სერიაში 1:0 დაწინაურდა. კაზანჯიანის გაწვრთნილ გუნდს პარკერმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.18 ქულა და 9 მოხსნა მამუკა ბაზუაშვილმა, ხოლო 17 ქულა ნიკა ლეონიძემ მიითვალა. თელავის გუნდში 20 ქულით ბომბარდირი გახდა რაჰიმ სალივანი, დეშონ ვეიდის ანგარიშზე კი 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.
ამ წყვილში ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი თელავში, 25 მარტს გაიმართება. ამავე დღეს ვერა ვსა-ს ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლებს. თუ სერიაში ჩამორჩენილი გუნდი (ბურჯი ან ვერა) გაიმარჯვებს, დაინიშნება მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა.
GBF.GE