თბილისსა და თელავში საკალათბურთო “ა” ლიგის მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩი ჩატარდა, ხოლო კახეთის დედაქალაქში – ერთი.
მე-2 ტურის შემდეგ ტურნირს 2 დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა. პირველი გახლავთ “სოხუმი საქართველო”, რომელმაც პირველ ტურში “ვერას” მოუგო, დღეს კი თსსუ-ს დაუპირისპირდა. სტუდენტური ლიგიდან “ა” ლიგაში აღზევებული თსსუ ახალგაზრდული შემართებით, ბოლომდე იბრძვის. მედიკოებმა წინა მატჩში დიდი ბრძოლა გაუმართეს ვ. სანიკიძის აკადემიის გუნდს, რომელთანაც საბოლოოდ 4 ქულით წააგეს. “სოხუმი საქართველოსთან” მატჩში კი თსსუ-ს ძალები ბოლომდე არ ეყოთ და მიუხედავად მოგებული პირველი პერიოდისა (25:22), შეხვედრა საბოლოოდ 33 ქულით დათმეს – 75:108 (სტატისტიკა).
სოხუმი-საქართველომ მეტოქე მე-3 პერიოდში გატეხა, ბოლო ათწუთეულში კი უპირატესობა 33 ქულამდე გაზარდა, რაშიც ლომის წილი დეშონ პარკერს მიუძღვის. ამერიკელმა ლეგიონერმა 31 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 20 ქულა ვასილ ბერუაშვილმა მოაგროვა, ხოლო პი ჯეი ბერდის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. თსსუ-ში 16 ქულით გიორგი გოგია გამოირჩა. 12 ქულა ლუკა ლურსმანაშვილმა მოაგროვა.
2-დან 2 მოგებით “სოხუმი საქართველოსთან” ერთად ცხრილში I-II ადგილებს იყოფს ვსა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ თელავში საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა “ბურჯი”, რომელმაც წინა ტურში “ასტრალს” სძლია. კახეთის გუნდი შინ თამაშობდა და ცხადია, წარმატების იმედიც ჰქონდა, მაგრამ პირველი პერიოდის შემდეგ ვსა-ს უპირატესობა გამოიკვეთა – 22:11. მეორე ათწუთეულმა სტუმარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გამოავლინა, რაც ვსა-ს მოთამაშეების მონდომებისა და სიზუსტის დამსახურება იყო.
ყველაფერი მესამე პერიოდის ბოლოს გადაწყდა, რომელიც თბილისურმა გუნდმა 2 ქულით მოიგო, ლიდერობა 22 ქულამდე გაზარდა და თამაშს ფაქტობრივად სპორტული ინტერესი დაუკარგა. საბოლოოდ შეხვედრა ვსა-ს გამარჯვებით – 102:69 (სტატისტიკა) დასრულდა, რაც ვსა-ს გუნდური თამაშის დამსახურებაა. ვსა-ს გამოკვეთილი ლიდერო არ ჰყოლია.6-მა კალათბურთელმა გადააბიჯა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 19 ქულა ლევან რევაზაშვილმა მოაგროვა. ყველაზე სარგებლიანი ჯერმეინ ჰედი გახდა 16 ქულით, 8 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით. თელავის გუნდში რაჰიმ სალივანი გამოირჩა 18 ქულით. 14 ქულა ტაილერ ბევარდმა მიითვალა.
მესამე მატჩში “ვერამ” სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტურში “სოხუმი საქართველოსთან’ წაგებულმა ვერელებმა “ასტრალს” მოუგეს. არადა, პირველი პერიოდის შემდეგ ასტრალელები დამაჯერებლად – 26:13 უგებდნენ. მეორე ათწუთეულში “ვერამ” 6 ქულა გააბათილა და დიდი შესვენების შემდეგ თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა. 25:7 მოგებული პერიოდის შემდეგ ვერამ მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ 9 ქულით – 76:67 (სტატისტიკა) იმარჯვა.
ვერელებს ამერიკელმა აზარია სეიმ 24 ქულით ულიდერა. 14 ქულა და 5 პასი დააგროვა ნაიჯელ სკანტელბურმა, 12-12 ქულა ნიკა გოგოხიასა და შალვა რამიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ასტრალში 19 ქულით ტატო ზუზაძე გამოირჩა. 15 ქულა და 12 მოხსნა ლორენცო მაკგის ანგარიშზეა.
“ა” ლიგის მე-3 ტურის 3 მატჩი 1 თებერვალს გაიმართება.
GBF.GE