ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდის თამაშს გამოეხმაურა. წერილში დასმულია შეკითხვა, არის თუ არა, კვარაცხელია ნამდვილად TOP ფეხბურთელი...
„დარწმუნებული ხართ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია? კვარაცხელია აღარ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თავისი დრიბლინგებით და გოლებით თამაშის შეცვლა. სკუდეტოს მოგების შემდეგ ქართველმა გარემარბმა ბრწყინვალება დაკარგა და ნელ-ნელა ენერგიაც ამოეწურა. თამაშების დროს უმეტეს დროს მსაჯებთან წუწუნში ატარებს, ბევრ არაზუსტ პასს აკეთებს, ბევრს დარბის, მაგრამ ამას დაბნეულად და არცთუ ჭკვიანურად აკეთებს.
თითქოს, დაავიწყდა ფეხბურთის თამაში. „ტორინოსთან“ ბევრი დუელი წააგო და ალბათ იწყებს საკუთარი თავის გამოვლენას, როგორია სინამდვილეში: კარგი მოთამაშე, რომელმაც საოცარი და განუმეორებელი სეზონი ჩაატარა. ნერვიული და არც ისე ზუსტი, „ტორინოს“ მცველმა ჯიჯიმ ძალაში აჯობა და თავის ვარსკვლავურ თამაშს ვერ პოულობს.
მისი საბაზრო ღირებულებაც ეცემა და თუ ზაფხულში 100 მილიონი ევრო ღირდა, დღეს რთული იქნება ამ თანხის 60%-ის მოთხოვნაც. რა თქმა უნდა, ქართველ ფეხბურთელზე „ნაპოლის“ ცუდი თამაშიც ახდენს გავლენას, მაგრამ ობიექტურად აშკარაა ფეხბურთელის ტექნიკური და მენტალური ვარდნა. ხასიათის მხრივ ბევრი მუშაობა სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს შესანიშნავი კარიერის განიავება“, - წერს Daily Mail-ი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 13 იანვარს, შინ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.