ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის პირველი წრე ‘ბათუმმა’ მოიგო. თენგიზ გოგიბერიძის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის პირველი ნახევარში 7-ივე შეხვედრა მოიგეს, 32 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე ანაცვლებულ ‘აიას’ 3 ქულით უსწრებენ. ჩემპიონმა ‘ლელომ’ კი უშუალო კონკურენტებთან მიჯრით 2 წაგებული შეხვედრის შემდეგ მესამე პოზიციაზე ჩაინაცვლა, ლიდერ აჭარლებს 5 ქულით, ‘აიას’ კი 2 ქულით ჩამორჩა.
სეზონში მესამე მარცხის მიუხედავად, ‘არმია’ 19 ქულით მოწინავე კვარტეტში ადგილს მყარად ინარჩუნებს და 2 ქვემო ქართლურ მდევარს (‘ყოჩები’, ‘ხარები’) 8 ქულით უსწრებს. ‘აკადემიას’ 9 ქულა დარჩა და „მხატვრებმა“ ბოლოსწინა ადგილზე, პლეი აუტის ზონაში ჩაინაცვლეს. ‘ხარები’, სეზონში ჩატარებული საუკეთესო შეხვედრით თანარეგიონელ ‘ყოჩებს’ გაუტოლდა და მეზობლებს ცხრილში მხოლოდ უარესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ჩამორჩება. ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფმა ‘აია’-1-მა კი პირველ წრეში არათუ საცხრილო, სამატჩო ქულების აღებაც კი ვერ მოახერხა, რაც საქართველოს ჭაბუკთა ორივე ლიგის ელიტის ისტორიული ანტირეკორდია.
პირველი წრის დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ჩემპიონ ‘ლელოსა’ და ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ შეხვედრა იწვევდა. პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირებას „აია არენამ“ უმასპინძლა. მართალია, ‘ლელოს’ 18-წლამდელთა ნაკრებში მივლინებული 10 მოთამაშე აკლდა, თუმცა ზურა ხორბალაძის ბიჭებმა რიონისპირელებს ტოლი არ დაუდეს და ანგარიშში უპირატესობას მატჩის ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ‘აიას’ კვაჭ ილია ჯანგავაძის გარდაუსახავი ლელო, ჩემპიონის ფულბეკმა თორნიკე ნავროზაშვილმა ასევე გარდაუსახავი ლელოთი გაქვითა. ჰავბეკ თეიმურაზ ძოძუაშვილის წყვილი გატანილი ჯარიმით მასპინძლები შესვენებაზე 6 ქულიანი სხვაობით წავიდნენ. მეორე ტაიმში ‘ლელომ’ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და ჯერ ფრთა უჩა გაბათაშვილის გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რის შემდგომ მგეზავ ამირან ბიწკინაშვილის 2 გატანილი ჯარიმით ანგარიშში 2-გზის დაწინაურებაც მოახერხა. ‘აიას’ მხსნელად თეიმურაზ ძოძუაშვილი მოევლინა. რიონისპირელთა ჰავბეკმა დარჩენილ დროში 2 ჯარიმა გაიტანა და დრამატულ ბრძოლაში საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოუტანა – 17:16.
არანაკლებ დაძაბული გამოდგა ‘ბათუმისა’ და ‘არმიას’ შეხვედრა. მასპინძლებს პირველ ტაიმში დაგროვილმა ქულათა სოლიდურმა მარაგმა ცუდი სამსახური გაუწია და გადამწყვეტ მომენტში რომ არა „არმიელთა“ გამოუყენებელი მომენტები, შესაძლოა აჭარელთათვის მატჩი არასახარბიელო შედეგითაც კი დასრულებულიყო.
‘ბათუმმა’ პირველი ტაიმი 4 უპასუხო ლელოს წყალობით 24-ქულიანი სხვაობით მოიგო. აჭარელთა ფულბეკმა ანრი ბერიძემ „დუბლი“ შეასრულა. მეორე ტაიმში ‘არმია’ სრულ უპირატესობას დაეუფლა და მიჯრით გატანილი 3 ლელოთი (მარბიელი ანდრია გაბუნია, კვაჭი ბუკა კუმელაშვილი და მარქაფადან ჩართული მღლეტელი გურამ ოდიკაძე) ანგარიშში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ბოლო წუთებზე უფრო რაციონალურად ‘ბათუმი’ გაისარჯა. აჭარლებმა ჯარიმით სხვაობა ჯერ 8-ქულამდე გაზარდეს, ბოლო წუთზე კი შუამარბ საბა კილაძის დადებულმა გარდასახულმა ლელომ ბათუმელთა რთული გამარჯვება დააფიქსირა – 34:19.
„რაგბი პლატოზე“, ბოლნისის ‘ყოჩებს’ მოსალოდნელისამებრ აუტსაიდერ ‘აია’-1-თან პრობლემები არ შექნია. ქვემო ქართლელებმა რიონისპირელთა მეორე გუნდს 8 უპასუხო ლელო დაუდეს და შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით – 48:0 მოიგეს. მასპინძელთა მხტომელმა ვასიკო სპანდერაშვილმა პირველ ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. მეორე ნახევარში კი წყვილი გატანილი ლელოთი მარბიელი ნიკა ამიროვი გამოირჩა. ‘ყოჩთა’ კიდევ ერთი მარბიელი თემურ ცხოვრებაძე კი მატჩის პირველი და დასკვნითი ლელოს ავტორი გამოდგა.
‘აკადემია’-‘ხარების’ ტურის დასკვნითი შეხვედრაც „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. ‘ხარები’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა, ხაზს იოლად ჭრიდა, მეტოქეს მოლსა და დერეფანშიც აღემატებოდა. ‘აკადემიას’ მხტომელ ტატო ბესელიას დადებულ ლელოს სტუმრებმა 4 გარდასახული ლელო დაუპირისპირეს (შუამარბი ლუკა წიკლაური, მარბიელი ცოტნე ჭანტურია, ბურჯი საბა კილაძე, მღლეტელი ლუკა ყრუაშვილი) და შესვენებაზე 23 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ‘ხარების’ ფულბეკმა გიორგი სვანიძემ ყველა გარდასახვა გამოიყენა და მეორე ნახევარში 2 ჯარიმაც ძელებს შუა გაატარა. გიორგი ზირაქაშვილისა და ლაშა კაკაბაძის შეგირდთა დამაჯერებელი გამარჯვება მატჩის მიწურულს ფრთა გიორგი ჭიჭიკოშვილის დადებულმა ლელომ დააფიქსირა – 41:5.
ჩეხეთში გასამართი 18-წლამდელთა ევროპირველობის გამო, ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მორიგი, მე-8 ტურის შეხვედრები 3 კვირის შემდეგ, 24-26 ნოემბერს გაიმართება.
RUGBY.GE