„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელების ნაკრებში გაშვების წინააღმდეგია. როგორც მან თქვა, კლუბის გადასაწყვეტი უნდა იყოს, წავა თუ არა, მისი ფეხბურთელი ნაკრებში სათამაშოდ.
გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ ეროვნულ ნაკრებში 28 წლის ფეხბურთელმა არ უნდა ითამაშოს და შანსი მხოლოდ ამის ქვემოთ ასაკის ფეხბურთელებს მიეცეთ.
„2013 წლიდან დღემდე ჩვენ 4.3 მილიონი ევროს ანაზღაურება მივიღეთ ჩვენი ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებების მატჩებში მონაწილეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის 10-ზე მეტი მოთამაშე გვყავდა ნაკრებებში, ეს კარგი არის.
ჩემი აზრით, 32 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში არ უნდა ითამაშოს, მეტიც, 28 წლის ბიჭებმაც ნაკრებში არ უნდა ითამაშონ! 18 წლის ასაკში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და მათ თუ ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსს არ მივცემთ, დიდი ფეხბურთელები როგორ გახდებიან? გარდა ამისა, კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, გაუშვას თუ არა, ფეხბურთელი ნაკრებში, მით უფრო არაფრის მომცემ ამხანაგურ მატჩში. თუ ფეხბურთელში 50 მილიონი გადავიხადე და ის გუნდში ტრავმირებული დაბრუნდა, კლუბს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ იმ პერიოდში, როცა ის გუნდში ვერ ითამაშებს, ნახეთ, რა მოხდა ნეიმართან დაკავშირებით, რომელიც დიდი ხანი ვერ ითამაშებს იმის გამო, რომ ნაკრებში ტრავმა მიიღო“, - თქვა დე ლაურენტისმა.