ბრატისლავის “სლოვანმა” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა შეძლო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბოსნიურ “ჟრინსკისთან” სტუმრად მოპოვებული უპირატესობა (1:0), შინ შეინარჩუნა.
სლოვაკეთის ჩემპიონი 75-ე წუთამდე მშვიდად, 2:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლოს ორი გოლი გაუშვა და გულშემატკივარი მაინც ანერვიულა. თუმცა, საბოლოოდ, 2:2, ორი მატჩის ჯამში კი 3:2, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე ითამაშებს, სადაც ტირასპოლის “შერიფს” ან ჰაიფას “მაკაბის” შეხვდება.
დღევანდელ მატჩში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. ჯაბამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათიც მიიღო. “სლოვანმა” ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად ბრძოლა გააგრძელა, მაგრამ სულ მცირე კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაშის უფლება გაინაღდა, თუ მომდევნო ეტაპებს ვერ გადალახავს.