ფეხბურთი

10:24 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი: "რეალისტები უნდა ვიყოთ, "ინტერის" დონეზე არ ვართ, ინვესტიცია გვჭირდება"

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან აღიარა, რომ „როსონერი“ ამ ეტაპზე „ნერაძურის“ დონეზე არ არის და ეს მათთან ბოლო მატჩებმა გამოაჩინა.

„გუნდში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რომ დიდ გუნდებთან კონკურენცია შევძლოთ. ნახევარფინალში გასვლა მოულოდნელი იყო, სეზონის დასაწყისში ვერ გააკეთებდა პროგნოზს, რომ ნახევარფინალამდე მივიდოდით. თუმცა, ცხადია, წაგება ძალიან მტკივნეულია. რეალისტები უნდა ვიყოთ და ყველაფერს თვალი უნდა გავუსწოროთ: ჩვენსა და „ინტერს“ შორის ბოლო მატჩებში თანაბარი დონე არ ყოფილა. ჩემპიონთა ლიგის საგზურს თუ მოვიპოვებთ, ამ სეზონს 8 ქულით შევაფასებდი, ჩვენ ამის გვჯერა. ბოლომდე ვიბრძოლებთ და გარდა ამისა, ველოდებით, განაჩენს „იუვენტუსთან“ დაკავშირებით.

„ინტერთან“ სხვაობა რეალურია, შეიძლება დღეს უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო ოთხ დერბიში დონე ერთნაირი არ ყოფილა, კონტრზომების მიღება არ შეგვიძლია. ჯერ კიდევ არ ვართ ისე სტრუქტურირებული, რომ ორ ტურნირზე მაღალ დონეზე ვიასპარეზოთ, ჩვენმა მფლობელებმა ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენსა და „ინტერს“ შორის ფეხბურთელთა საშუალო ასაკში 3 წელია სხვაობა, ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც ამ ეტაპზე პირველად ითამაშეს.

ლეაუს კონტრაქტი? წვრილმანები დარჩა, დეტალებზე ვმუშაობთ. დე კეტელარე? შარლი უნდა გაიზარდოს და ეს ნორმალურია. ბევრად უფრო ადვილი და იაფი იქნებოდა დიბალას შეძენა, მაგრამ სწორი იქნებოდა ჩვენი პროექტისთვის? იქნებოდა თუ არა, ეს სწორი და გაზიარებული ჩვენი მფლობელების მიერ? არა! ჩვენ ვიცით, რომ გვყავს და გვინდა შევქმნათ ახალგაზრდული გუნდი, ახალგაზრდებთან კი რისკზე უნდა წახვიდე“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლოს 2007 წელს იყო, ხოლო ნახევარფინალურ სტადიაზე ასპარეზობას 2006 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშა.

0.112474