რაგბი

18:28 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულში ბარნსი, პეიპერი და რეინალი გვიმსაჯებენ

მსოფლიო რაგბმა 2023 წლის ოთხი ერისა და მსოფლიო თასამდე გასახურებელი მატჩების მსაჯები და ოფიციალური პირები დაამტკიცა.

ბორჯღალოსნები საფრანგეთში გამგზავრებამდე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან. ზაფხულში 4 თამაშში ვიხილავთ ნიკა ამაშუკელს, პირველ ქართველ რეფერის, რომელიც გუნდურ სახეობებში მსოფლიო თასზე იმსაჯებს.

პირველი თამაში 12 აგვისტოს თბილისში, მსოფლიო თასის მონაწილე რუმინეთთან გვაქვს და მისი მთავარი მსაჯი ინგლისელი უეინ ბარნსი იქნება. 44 წლის რეფერიმ მსაჯობა 15 წლის ასაკში დაიწყო, 21 წლის მსაჯთა კოლეგიის წევრი გახდა, 2005 წლიდან კი საქმეს პროფესიონალურად მოკიდა ხელი. 2006 წელს მან პირველად იმსაჯა ტესტ-რაგბი, 2007 წლის მსოფლიო თასზე კი, დებიუტი საქართველოსა და ირლანდიის მატჩში ჰქონდა და წელს მეხუთე ჩემპიონატს იმსაჯებს.

2022 წლის 5 ნოემბერს ბარნსმა უელსისა და ახალი ზელანდიის შეხვედრა იმსაჯა. ეს მისი მე-100 საერთაშორისო მატჩი იყო, რითაც ნაიჯელ ოუენსის რეკორდი გაიმეორა. მსოფლიოს ნომერ პირველ მსაჯს, საქართველო-რუმინეთის მატჩზე კიდეებიდან პიერ ბრუსეტი და ჯანლუკა გნეჩი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ერიკ გაზინსი იქნება.

19 აგვისტოს ბორჯღალოსნები აშშ-ს მასპინძლობენ და მთავარი მსაჯი ასევე გამოცდილი, სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერია. 43 წლის მსაჯს სუპერ რაგბიში დებიუტი 2011 წელს, 20 წლის ასაკში ჰქონდა, 2011 წლიდან კი ტესტ-რაგბიში მისი დებიუტი შედგა. სამხრეთ აფრიკელმა 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასზე იმსაჯა და წელს საფრანგეთშიც ვიხილავთ.

პეიპერის პირველი თანამსაჯი ჰოლი დევიდსონია, შოტლანდიელი ქალბატონი, რომელიც საერთაშორისო თამაშებს 2017 წლიდან მსაჯობს. მეორე თანამსაჯი ფრანგი ლუკ რამოსია, ხოლო ვიდეო-რეფერი ტომას შარაბასი.

მსოფლიო თასის წინ ბორჯღალოსნები ბოლო გასახურებელ თამაშს 26 აგვისტოს ედინბურგში, „მარიფილდზე“ მასპინძელი შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ და რეფერი ჩვენთვის კარგად ნაცნობი 41 წლის ფრანგი მეთიუ რეინალი იქნება, რომელიც საერთაშორისო მატჩებს 2009 წლიდან მსაჯობს. ის მსოფლიო თასებს 2015 წლიდან ემსახურება.

რეინალს კიდეებიდან ტუალ ტრაინინი და ლუდოვიკ კერი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი აქაც ტომას შარაბასი იქნება.

ამაშუკელის 4 ტესტი

თავისი სადებიუტო მსოფლიო თასისთვის ემზადება ქართველი ნიკა ამაშუკელი რომელიც ეგრეთწოდებული ტიერ 2 ქვეყნების პირველი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურება, თანაც ცენტრალური მსაჯის რანგში. ის ასევე ყველაზე ახალგაზრდაა იმ 12 რეფერისა და 7 ასისტენტს შორის, რომლებიც საფრანგეთში იმუშავებენ.

ზაფხულის პირველი თამაში, რომელშიც ნიკა ამაშუკელს ვიხილავთ 29 ივლისს, იოჰანესბურგში გაიმართება. წლევანდელი ოთხი ერის დასკვნით ტურში სამხრეთ აფრიკა არგენტინას უმასპინძლებს და ამაშუკელი რეფერის, ენდრიუ ბრაისის პირველი ასისტენტი იქნება.

მომდევნო სამი თამაში გასახურებელია და 28 წლის ნიკა სამივეგან მოედნის მსაჯია – 5 აგვისტოს ბუენოს აირესში არგენტინა სამხრეთ აფრიკას დაუხვდება; 12-ში „თვიქენჰემზე“ ინგლისი უელსს ერკინება; 19 აგვისტოს საფრანგეთი ფიჯის ნანტში მასპინძლობს.

„მსოფლიო თასამდე საპასუხისმგებლო ტესტ-მატჩები მელის, რომელთაგან ორი მართლაც გამოსარჩევია. ეს შეხვედრები მსოფლიო თასის წინ კარგად გამახურებს. სამი ტოპ-მსაჯი იმსაჯებს ბორჯღალოსნების გასახურებელ ტესტებს. სამივე რეფერი გამოცდილი და ერთი მეორეზე პატივსაცემი პიროვნებაა. მათი ახსნები ჩვენს ნაკრებს ძალიან წაადგება“ – განაცხადა ნიკა ამაშუკელმა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098722