ფეხბურთი

1:12 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მილანური დერბი ნახევარფინალში, "სიტიმ" "ბაიერნს" იოლად აჯობა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ნახევარფინალისტები ცნობილია. „მილანსა“ და „რეალს“ ოთხეულში, როგორც მოსალოდნელი იყო პირველი მატჩებიდან გამომდინარე, „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ შეუერთდნენ.

„სიტიმ“ „ბაიერნს“ ერთი კვირის წინ შინ 3:0 მოუგო და ნათელი იყო, რომ ნახევარფინალში გავიდოდა. მანჩესტერელებს მიუნხენში ასეთი სოლიდური უპირატესობა არ გაუნიავებიათ. პირველ ტაიმში ერლინგ ჰოლანდს ჰქონდა გასატანად კარგი შანსი, მაგრამ პენალტი კარს ააცილა. სამაგიეროდ, ნორვეგიელმა მეორე ტაიმის დასაწყისში დაიო უპამეკანოს შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. პეპ გვარდიოლას გუნდის უპირატესობა ორი მატჩის ჯამში 4-ბურთიანი გახდა, შესაბამისად, „ბაიერნი“ პრაქტიკულად უშანსოდ დარჩა. გერმანელებმა ისღა მოახერხეს, რომ ბოლოსკენ იოზუა კიმიხმა პენალტით გაათანაბრა და საკუთარი ქომაგის წინაშე მაინც არ წააგეს.

ორი მატჩის ჯამში „მანჩესტერ სიტიმ“ 4:1 იმარჯვა და ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, როგორც 2015-2016 წლების სეზონში, მაშინ ფინალში „რეალი“ გავიდა, ისევე, როგორც შარშან. ვნახოთ, მესამე ჯერზე რა იქნება.

მეორე ნახევარფინალში კი მილანური დერბი გველოდება! ზუსტად 18 წლის შემდეგ „დერბი დელა მადონინა“ ჩემპიონთა ლიგაზე შედგება. მაშინ მეოთხედფინალში „მილანმა“ „ინტერს“ ორივე თამაში მოუგო, თუმცა, ამჯერად უფრო უპრიანი იქნება თუ ზუსტად 20 წლისწინანდელ დუელს გავიხსენებთ, რადგან ეს გუნდები 2002-2003 წლების სეზონშიც შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე და მაშინაც, როგორც ახლა, სწორედ ნახევარფინალში. 20 წლის წინაც „მილანმა“ მოიგო, ოღონდ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით (0:0, 1:1). ასე რომ, „ნერაძურის“ რევანშის აღების დიდი სურვილი ექნება.

„ინტერმა“ „ბენფიკას“ ლისაბონში 2:0 მოუგო, ხოლო შინ ფრეს დასჯერდა - 3:3. მილანელები 86-ე წუთამდე 3:1-ს იგებდნენ და ბოლოს გაუშვეს ორი გოლი, მთლიანობაში კი მეტოქეს აშკარად აჯობეს, ორი მატჩის ჯამში - 5:3. სხვათა შორის, „ბენფიკა“ ერთი წლის წინაც მეოთხედფინალში გავარდა, მაშინაც იდენტური სცენარით: „ლივერპულთან“ შინ ორბურთიანი სხვაობით წააგო, სტუმრად ბოლო წუთებამდე აგებდა და საბოლოოდ, 3:3 ითამაშა...

„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მას მერე, რაც ამ ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა (უკვე 30 წელზე მეტია), „ინტერი“ სულ რაღაც მესამედ ითამაშებს ნახევარფინალში და მათ შორის, მეორედ „მილანის“ წინააღმდეგ...

სხვათა შორის, თითქმის განმეორდა 2002-2003 წლების სეზონის ნახევარფინალური ეტაპი. 20 წლის წინაც ნახევარფინალში "მილანი" - "ინტერს" შეხვდა, მაშინაც პირველ მატჩში ნომინალური მასპინძელი "როსონერი" იყო, ხოლო ასევე ნახევარფინალში იყო "რეალი", რომელიც ახლაც ოთხეულში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ 2 ათეული წლის წინ "სამეფო კლუბის" მეტოქე "იუვენტუსი" იყო, ახლა კი - "მანჩესტერ სიტია".

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები 9-10 და 16-17 მაისს გაიმართება.

„ბაიერნი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:4

გოლები: 0:1 ჰოლანდი (57), 1:1 კიმიხი (83, პენ)

„ინტერი“ – „ბენფიკა“ 3:3 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 5:3

გოლები: 1:0 ბარელა (14), 1:1 ორსნესი (38), 2:1 ლაუტარო მარტინესი (65), 3:1 კორეა (78), 3:2 ანტონიო სილვა (86), 3:3 მუსა (90)

0.112668