„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Canale 5-სთან ისაუბრა, სადაც სხვადასხვა თემებზე შეეხო, მათ შორის იტალიის ჩემპიონობას, ნეაპოლელ ფანებსა და რასიზმს.
„ახლოს ვართ სკუდეტოს მოგებასთან და მოუთმენლად ველოდებით ოცნების ასრულებას. ყოველთვის გვჯეროდა ამის, დარწმუნებულები ვიყავით, რომ შესანიშნავი სეზონი გვექნებოდა მაშინაც კი, როცა ირგვლივ მხოლოდ სკეპტიციზმი იყო.
ნეაპოლელთა სითბო ჩვენს მიმართ წარმოუდგენელია. ამდენი სიყვარული არასდროს მიმიღია, ერთი სული მაქვს მათთან ერთად სკუდეტოს მოგება აღვნიშნო. რასიზმი? არ არის სასიამოვნო, როცა შენი კანის ფერზე მსჯელობენ. ეს ყველას აღიზიანებს, გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. ამას უნდა ვებრძოლოთ.
ბედნიერი ვარ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი და ახლა პირველ ტიტულთან ახლოს ვარ. დიდ გუნდში ვარ და ჩემი კარიერა ვითარდება. მეტს ამ ეტაპზე ვერ მოვითხოვ“. - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი.