სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:56 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ნაპოლიში" ყველაფერი ნულიდან დავიწყე, სკუდეტო ჩრდილოეთზე შურისძიება იქნება"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Telegraaf-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ისაუბრა. იტალიური კლუბის მფლობელმა აღნიშნა, რომ მესამე სკუდეტოს შესახებ სატელევიზიო სერიებისგან შემდგარი ფილმის გადაღების იდეა აქვს.

დე ლაურენტისმა მის დამსახურებას ხაზი გაუსვა, თქვა, რომ „ნაპოლიში“ მან ყველაფერი ნულიდან დაიწყო, რადგან, როცა კლუბში მივიდა, იქ არაფერი ფუნქციონირებდა.

„როდესაც 2004 წელს „ნაპოლი“ შევიძინე, კლუბი გაკოტრების ზღვარზე იყო, არაფერი არ იყო, არ არსებობდა გუნდში კარგი ფეხბურთელი, არანაირი სტრუქტურა, საერთოდ არაფერი. ნულიდან შევქმენით ახალი რეალობა. ვიფიქრეთ მესამე სკუდეტოს მოგებაზე სერიალის გადაღებაზე აშშ-ში CBS-თან, მაგრამ ჯერ ეს სკუდეტო უნდა მოვიგოთ. მარადონას შემდეგ კლუბმა სულ უფრო უკან დაიხია და ლამის გაკოტრდა. ჩვენ ერთადერთი იტალიური კლუბი ვართ, რომელიც ზედიზედ 14 წელია ევროტურნირებზე გადის, „იუვენტუსი“ ამ პერიოდში 13-ჯერ გავიდა.

მესმის, რომ ნეაპოლელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ნაპოლიმ“ 33 წლის შემდეგ სკუდეტო მოიგოს. ნეაპოლისთვის და მისი მაცხოვრებლებისთვის ეს იქნება ერთგვარი გამოსასყიდი ჩრდილოეთ იტალიის წინააღმდეგ, შურისძიება მათთვის, ვინც თავს დაუცველად ან დისკრიმინაციულად გრძნობს. თუმცა მე ვიბრძვი სამხრეთისა და ჩრდილოეთისთვის, რათა შეიქმნას ერთიანობა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ვამაყობ, სამხრეთის მშვენიერებით და ჩრდილოეთის ნისლით. ნეაპოლი ყოველთვის მიმაჩნდა ცენტრალურ ქალაქად ევროპულ დონეზე. ბევრი ამ ქალაქს პროვინციულად უყურებს, მაგრამ არ მინდა ასე იყოს.

ის ფაქტი, რომ „ნაპოლის“ ამდენი წელია სკუდეტო არ მოუგია, არა მხოლოდ თავად „ნაპოლის“, არამედ სხვა ფაქტორების ბრალიცაა, რომლებიც ახლა ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ჩნდება ზედაპირზე. თუმცა, ამაზე სხვა რამის თქმა არ მინდა.

გამარჯვებისთვის ვმუშაობ. როდესაც სერია A-ში გადავედით, „ნაპოლი“ მსოფლიოს კლუბების რეიტინგში 550-ე იყო, 2-3 წლის შემდეგ ვიყავით ევროპის საუკეთესო ოცეულში, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვართ. დიდება არ არის ტიტულები და წარმატება, არამედ შრომა, რომელიც მათ გაწეულია მათ მიღწევაში. 400-მდე ფილმი მაქვს გადაღებული და ყველა მათგანი ძალიან წარმატებულია. მიჩვეულები ვართ წარმატებას და ფეხბურთი არ გვჭირდება, რომ ყურადღების ცენტრში მოგვახვედროს”, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისმა „ნაპოლი“ 2004 წელს შეიძინა, როცა გუნდი სერია C-ში თამაშობდა. 2007 წელს „აძური“ მან სერია A-ში დააბრუნა, ხოლო ბოლო 14 წლის განმავლობაში გუნდი სეზონს ყოველთვის ევროზონაში ასრულებს. „ნაპოლიმ“ მისი პრეზიდენტობის ერაში იტალიის თასი 3-ჯერ (2012, 2014, 2020) და იტალიის სუპერთასი ერთხელ (2014) მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120578