რაგბი

19:12 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რაგბის ფიზ. მომზადების მეორე დონის სემინარი

მსოფლიო რაგბის ფიზ. მომზადების მასტერ ტრეინერმა, ინგლისელმა რობინ ჯაილსმა, ქართველი სპეციალისტებისთვის მარტყოფის სარაგბო ბაზაზე მსოფლიო რაგბის მეორე დონის სემინარი ჩაატარა.

როგორც წესი, მსგავსი სემინარები რეგიონალური პრინციპით იმართება, თუმცა ჯაილსმა სწავლების კურსი მხოლოდ ქართველი მსმენელებისთვის დაგეგმა, რადგან ქართული რაგბი ყველა სფეროში ავტონომიისკენ მიილტვის და შესაბამისად, მაღალი დონის სპეციალისტებს საჭიროებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმარს, რომელმაც გამონახა დრო და სემინარის ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდა. ამ დონის ფიზ. მომზადების სწავლება ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მან ბევრი რამ მასწავლა იმ მიდგომებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით, რაც მაღალი დონის სემინარების ორგანიზებისთვისაა საჭირო. ის ასევე საინტერესო იყო ჩვენი მსმენელებისთვის, რომლებიც უფრო მრავალფეროვნები და უკეთესები გახდებიან“ – აღნიშნა მსოფლიო რაგბის ტრეინერმა, საქართველოს რაგბის კავშირის სწავლებისა და განათლების ცენტრის ფიზ. მომზადების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი მაისურაძემ.

პირველი დღე მსოფლიო რაგბის სიახლეს – პროგრამა „გაააქტიურეს“ (ტრავმების პრევენციისა და მოთამაშეთა ათლეტური განვითარების პროგრამა) დაეთმო და მას 5 ქართველი ედუკატორი (მწვრთნელების მასწავლებელი) დაესწრო, მეორე და მესამე დღეს კი ფიზ. მომზადების მეორე დონის სემინარს ქართული კლუბებიდან 10 სპეციალისტი დაესწრო. ასევე სტუმრად იყო ჩამოსული და სემინარებს ესწრებოდა აზერბაიჯანის რაგბის კავშირის წარმომადგენელი.

„მსოფლიო რაგბის ახალი პროგრამა ძალიან საინტერესოა და მას აუცილებლად დავნერგავთ ქართველ სპეციალისტებში. სასიამოვნოა, რომ ეს სემინარი 10-ივე მსმენელმა წარმატებით გაიარა. მწვრთნელებმა სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს და ვფიქრობ, ეს ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს“ – ამბობს მაისურაძე.

RUGBY.GE

0.114351