ბლოგი

14:33 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ულუდხანობა საფეხბურთო ქვეყანაში

შეგიძლიათ გაიხსენოთ თბილისში მდებარე ტელევიზორიანი ლუდხანა და ბარი, სადაც ათი წლის წინ ფეხბურთს უყურეთ და დღეს ისევ ძველი სახით ფუნქციონირებს? დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგიჭირდებათ ასეთის გახსენება. თბილისი არის ქალაქი, სადაც კვებითი დაწესებულებები ლამის ყოველ წელს იცვლებიან, გადაკეთდებიან, ისხვაფერებენ სახელსა და სტილს, პროფილსა და იმიჯს და ამის მიუხედავად, არც ეს სახეცვლილება ამართლებს ხოლმე.

ბარის მფლობელები ხშირად აჰყვებიან უცნაურ მოდურ ტენდენციებს და კაი ჯიგრული ლუდხანის ნაცვლად, „მაღალი დონის“ ბარების გაკეთება სურთ, ძვირი ფასებით, გაპრიალებული, სტერილური გარემოთი და უინტერესო სტუმარ-მასპინძლობით. მერე კი იგივე მფლობელებს უკვირთ, რომ მათ ბარებში არავინ დადის და იმის ნაცვლად რომ შეცდომებიდან ისწავლონ და სათანადო დასკვნები გააკეთონ, ახალ მოდურ ტენდენციებს ეძებენ და მორიგ, უინტერესო და უაზრო სისულელეში ყრიან ფულს.

ამიტომაცაა, რომ როდესაც თბილისში მეგობრებს სადმე ტელევიზორიან ბარში დაჯდომა, საუბარი, ფეხბურთის ცქერა და მარტივად ლუდის დაწრუპვა სურთ, ჯერ ტელეფონები უნდა მოიმარჯვონ, კარგად მოჩიჩქნონ სად იქნება შესაბამისი ადგილი და მხოლოდ ამის შემდეგ გაეშურონ რადგან არის შანსი, რომ მათ მიერ თვეების წინ მოწონებული ბარი დახურული ან ვაინ&სტეიკ-ჰაუსად გადაკეთებული დახვდეთ.

დადიხარ თბილისში და ხედავ, რომ ის რაც სამი წლის წინ ლუდის რესტორანი იყო, ახლა საცხობად ქცეულა. საცხობად, სადაც სკოლის მოსწავლეები მაკარონიან ხაჭაპურებს იღმურძლებიან. მერე აღმოაჩენ, რომ ერთ დროს შენს საყვარელ ძველ ბარში ავტომობილის ნაწილების მაღაზია გახსნილა, კაი კოხტა სახინკლის ადგილზე კი ტანსაცმლის მაღაზიაა და „შოპინგის ჯოჯოხეთიდან“ ცოლს გამოპარული ქმარი დარდიანად მიყუდებია კედელს. ერთი სიტყვით, თბილისში მარადიული მხოლოდ საცობები და დაბღვერილი ადამიანები არიან, დანარჩენი კი ყველაფერი იცვლება და რაც გულდასაწყვეტია, არცთუ კარგისკენ.

ეს ფიქრები და სათქმელი განსაკუთრებით მაშინ მომაწვება, როდესაც მაგალითად ევროპაში აღმოვაჩენ ღვინის ბარს, რომელიც მთელი 250 წლისაა და არათუ დაწესებულების სახელი არავის შეუცვლია, სკამები, მაგიდები და ჭურჭელიც კი ზუსტად ისეთივეა, როგორიც საუკუნეების წინ იყო.

ვინმე იტყვის, ასეთი ძველი და ისტორიული კაფე-ბარები ძვირი სიამოვნებაა და ვინც იქ დადის, ფულს გარემოში უფრო იხდის, ვიდრე კერძებით სიამის მიღებაშიო. ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ რა ვუყოთ მაგალითად 1948 წელს იგივე პარიზში გახსნილ საცხენოსნო კლუბის ბარს, სადაც გარემოც ვინტაჟურია, „პეროც“ გემრიელად ქანაობს, მაგრამ მასში შემსვლელი და ტელევიზორში ცხენების დოღის მნახველ ადამიანს საჭმელსაც და სასმელსაც იმდენად იაფად სთავაზობენ, რომ შეუძლებელია არ დაეჭვდე, მიმტანს რაიმე ხომ არ შეეშალაო.

ბრიტანეთში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ აი იქ არის თუ არის ძველი ბარები, სადაც 100 და მეტი წლის უწყვეტობით ისმევა ლუდიც, გუგუნებს ტელევიზორები და მაგალითად ლონდონელი სპორტის მოყვარული ფანი არც კი დაფიქრდება იმის განსასაზღვრად, სად უნდა წავიდეს ფეხბურთის სანახავად, სად ნახოს რაგბი, სად აჩვენებ ძაღლების თუ ცხენების შეჯიბრებებს და სად ჯობია უბრალოდ მიხვიდე და გემრიელად გამოთვრე.

დაახლოებით თბილისის მსგავსი ვითარებაა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. მაგალითად ბათუმში ძველ და კარგ დროს, ერთ პატარა კაფეში გვიყვარდა დაჯდომა მე და ჩემს ცოლს. ბოლო სამ წელში იმ კაფემ სამი მფლობელი გამოიცვალა. ხან ბარი გახდა, ხან ნახევარფაბრიკატების ცეხი და ახლა ისევ კაფეა, მაგრამ აწი იქ ფეხს ცოცხალი თავით რა შემადგმევინებს?

შარშან შემოდგომაზე, მეგობრებთან ერთად მარტვილში ვეძებეთ ისეთი ადგილი, სადაც ჩემპიონთა ლიგის თამაშებს ვნახავდით და ერთი სასტუმრო მიმასწავლეს, სადაც უცნაური იერის ხალხი იჯდა და რუსული ესტრადის ჰანგებით ტკბებოდა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თავისუფალ ბაზარს, მოთხოვნა-მიწოდებას, ეკონომიკურ დუღილებს და ათას ისეთ ამბავს უკავშირდება, რაც ჩვენს მკითხველებს ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ ეკონომიკის წიაღსვლებითაც რთულია ლოგიკურად აიხსნას ის, რომ საქართველოში და განსაკუთრებით კი მის დედაქალაქში საღამოს სადმე ნორმალურად დაჯდომა და ფეხბურთის ცქერა დიდ განსჯას და დაგეგმვას საჭიროებს.

ყველა თამაშს სახლში ხომ არ ვუყურებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის თანამშრომელივით?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101874