ავტოსპორტი

1:33 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ამბობს, რომ „მერსედესი“ მას არ უსმენს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „მერსედესის“ გუნდი მას არ უსმენდა, როდესაც 2023 წლის სარბოლო ავტომობილს ამზადებდა. ბრიტანელმა სეზონის პირველი რბოლის გამართვამდე განაცხადა, რომ „მერსედესი“ არასწორ გზაზეა. ბაჰრეინის რბოლა კი მეხუთე ადგილზე დაასრულა და რაც მთავარია, ლიდერ „რედ ბულთან“ ბრძოლის არანაირი შანსი არ ჰქონია.

„შარშან იყო რაღაცები, რაზეც მე მათ ველაპარაკე. მე ვუთხარი იმ პრობლემის შესახებ, რაც მანქანას ჰქონდა. ძალიან ბევრი მანქანა მიმართია და კარგად ვიცი, რა სჭირდება მათ. ვიცი, რა არ სჭირდება მანქანას. საქმე პასუხისმგებლობას ეხება. იმას ვგულისხმობ, რომ უნდა აღიარონ და თქვან: იცი რა? ჩვენ არ გისმენდით. ეს ის არაა, რაც უნდა იყოს. და ჩვენ მუშაობა მოგვიწევს“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც 7 ტიტულით და 103 გამარჯვებით, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მრბოლია.

38 წლის პილოტს გასულ სეზონში რბოლა არ მოუგია, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა. მას გუნდთან ჯერ ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია, მიმდინარე კონტრაქტი კი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. ახალი კონტრაქტის გაფორმების გადადებამ წარმოშვა ხმები იმის შესახებ, რომ ჰამილტონი მანქანის შესაძლებლობებში დარწმუნებას ელოდა. მაგრამ ის ამას უარყოფს.

უფრო მეტიც, მას სჯერა, რომ „მერსედსი“ საქმის დროულად გამოსწორებას შეძლებს: „იცით, ჩვენ კვლავაც მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები ვართ. უბრალოდ, ახლა არ გამოგვდის და არც გასულ სეზონში გამოგვივიდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოსწორება არ შეგვიძლია“.

ბაჰრეინის რბოლის შემდეგ, გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა აღიარა, რომ გუნდს მანქანის ხელახლა გააზრება მოუწევს: „არ მგონი, ეს პაკეტი კონკურენტუნარიანი იყოს. შარშან ჩვენ არასწორი მიმართულება ავირჩიეთ. ამ სეზონისთვის ვფიქრობდით, რომ იმავე კონცეპციის გამსწორება შეგვეძლო. მაგრამ ის კვლავ არ მუშაობს“, - ამბობს ავსტრიელი.

0.112202