ფეხბურთი

23:48 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძის "კარლსრუემ" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, ბუდუს დებიუტი ისევ გადაიდო

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ შინ „რეგენსბურგი“ 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ზივზივაძეს არ უთამაშია, რადგან მუხლის ტრავმა აქვს. ქართველს გერმანიაში გადაბარგების შემდეგ ოფიციალური დებიუტი არ ჰქონია: პირველი მატჩი სათამაშო უფლების არქონის გამო გამოტოვა, მომდევნო ორი - ტრავმის. მან ერთხელ ითამაშა, მაგრამ მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრაში.

„კარლსრუე“, რომელსაც ორი კვირის წინ მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც სათავეს ოქტომბრიდან იღებდა, ბოლო ორ კვირაში მოპოვებული სამი მოგებით სატურნირო ცხრილში მეათე ადგილამდე დაწინაურდა (28 ქულა აქვს). მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელის კლუბი 5 მარტს, როსტოკის „ჰანზას“ ეწვევა და შესაძლოა, ამ მატჩისთვის ზივზივაძე მზად იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109541