კალათბურთი

1:29 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩვენთვის და ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვართ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ნიდერლანდებთან მატჩის (88:80) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს, მაგრამ ახლა მთლიანად ისლანდიასთან შეხვედრაზე არიან კონცენტრირებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად გამარჯვება გვჭირდებოდა და პირველი ნაბიჯი გადავდგით. ისლანდიასთან მატჩი კვირას გველოდება, რაც ჩვენი გუნდისა და მთელი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ნიდერლანდებს ნაკრებს კარგ თამაშს ვულოცავ, ახალი თაობა ჰყავს და კარგად ითამაშეს. ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს, პერსონალს, ფედერაციას და გულშემატკივრებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ და ძალიან დაგვეხმარნენ. უნდა ვახსენო თორნიკე შენგელია, რომელიც კლუბში გაფრინდება, სადაც ითამაშებს და შემდეგ ისევ ნაკრებში ჩამოვა. დიდი ცვლილება მეორე ტაიმში? არა, პირველ ტაიმში ვნერვიულობდით, ბევრი პერსონალური შენიშვნები მივიღეთ, მეორე ტაიმში კი უფრო კონცენტრირებულები და მოტივირებული გამოვედით. ეს თამაში უკვე დასრულებულია, ახლა ისლანდიასთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს 26 თებერვალს, ისლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

დღესვე, ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების ორივე კონკურენტი დამარცხდა: ისლანდიამ შინ ესპანეთთან 61:80 წააგო, ხოლო უკრაინა გასვლაზე იტალიასთან ვერაფერს გახდა (75:85). ამრიგად, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების ერთადერთი კონკურენტი ისლანდიაა, რომელთანაც თბილისში 3 ქულით წაგების უფლებაც აქვს და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა!

0.114932