ავტოსპორტი

0:54 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში ტურბო ძრავით პირველი გამარჯვების ავტორი გარდაიცვალა

ჟან-პიერ ჟაბუი, ფრანგი მრბოლი, რომელმაც ფორმულა 1-ში პირველმა, ტურბო ძრავით აღჭურვილი ავტომობილით, რბოლაში გაიმარჯვა, 80 წლისა გარდაიცვალა. მან ეს გამარჯვება საფრანგეთის 1979 წლის დიდი პრიზის რბოლაში, „რენოს“ მანქანით მოიპოვა. ფრანგული კომპანიისთვის, ეს ფ1-ში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.

ტურბო ძრავებით მანამდეც არაერთხელ უასპარეზიათ, მაგრამ ჟაბუი და „რენო“ იყვნენ პირველნი, ვინც სანუკვარ მიზანს მიაღწიეს. სწორედ აქედან აიღო სტარტი პირველმა ტურბო ერამ, რომელიც თითქმის ათი წელი გაგრძელდა.

„რენოსთვის“ ეს იყო მეორე რბოლა, რომელშიც ქულების აღება შეძლო. ტურბო ძრავი სოლიდურ უპირატესობას იძლეოდა, მაგრამ გამძლეობით ვერ დაიკვეხნიდა. კონკურენტები მალე დარწმუნდნენ, რომ მომავალი ტურბო ძრავების იყო და მალე მათაც დაიწყეს ამ ტექნოლოგიის ათვისება.

„თავმდაბალი მრბოლი, შესანიშნავი ინჟინერი და ჩვენი სპორტის პიონერი, ჟან-პიერი ნამდვილი მრბოლი იყო. ის რენოს 1977 წლიდან ფორმულა 1-ში გაუძღვა და თავისი მოთმინებით და გამბედაობით, დიდი როლი შეასრულა წარმატებების მიღწევაში. მან გუნდს პირველი დიდი პრიზი მოაპოვებინა, რაც ფორმულა 1-ში რენოს გრანდიოზული მოგზაურობის დასაწყისი გახდა“, - ნათქვამია ფორმულა 1-ის გუნდ „ალპინის“ (რენოს შთამომავალია ფ1-ში) განცხადებაში.

ჟაბუიმ რბოლებში მონაწილეობა 23 წლისამ დაიწყო. 1968 წელს, ფორმულა 3-ის საფრანგეთის ჩემპიონატში, მეორე ადგილი დაიკავა. ამას მოჰყვა არაერთი წარმატებული სეზონი ფორმულა 2-სა და სპორტული ავტომობილების (თანამედროვე პროტოტიპების კლასი) ჩემპიონატებში. ფ2-ში პირველი გამარჯვება 1974 წელს მოიპოვა და მაშინვე შედგა დებიუტი ფ1-ში. მაგრამ ფრენკ უილიამსის და ჯონ სერტიზის გუნდების მანქანებით, რბოლებისთვის კვალიფიცირება ვერ შეძლო.

მომდევნო წელს, მხოლოდ ერთ რბოლაში იასპარეზა (ტირელით) და ის რბოლა მე-12 ადგილზე დაასრულა. 1976 წლის სეზონი სრულად გააცდინა. სამაგიეროდ, 1975 წელს ფრმულა 2-ის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, 1976 წელს კი ჩემპიონი გახდა (სამი გამარჯვებით).

შემდეგ ჟაბუი „რენოს“ პროექტში ჩაერთო, რომელმაც ფორმულა 1-ში დებიუტისთვის, 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავი მოამზადა. დბიუტი 1977 წელს, სილვერსტოუნზე შედგა. „რენომ“ მხოლოდ ერთი მანქანა გამოიყვანა, რომელსაც ჟაბუი მართავდა. ფრანგმა საუკეთესო შედეგს, მეოთხე ადგილს, აშშ-ის უოტკინს გლენში მიაღწია.

პირველი გამარჯვება ფრანგულ ტრეკ დიჟონში მოვიდა. ფრანგმა პილოტმა, ფრანგული მანქანით, ძრავით და საბურავებით (მიშლენი), საფრანგეთში გამარჯვება 1979 წელს მოიპოვა. ეს იყო იმ სეზონის ერთადერთი რბოლა, რომელშიც „რენომ“ და ჟაბუიმ ქულების აღება შეძლეს.

1980 წელს ჟაბუიმ „რენოს“ მანქანით ავსტრიაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ სამი რბოლის შემდეგ, კანადის დიდი პრიზის რბოლისას, ავარიაში მოყვა და ორივე ფეხი მოიტეხა. 1981-ში „რენომ“ ჟაბუის ადგილზე ალენ პროსტი მიიწვია. ჟაბუი მეორე ფრანგულ გუნდში, „ლიჟიეში“ გადავიდა, თუმცა ექვსი რბოლის შემდეგ, მოუშუშებელი ტრავმების გამო, ფ1-ში კარიერა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16072