რაგბი

19:24 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასისთვის მზადება დაიწყო

რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი ბორჯღალოსნებს შეხვდნენ, რომლებიც წლის პირველი ვარჯიშისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ.

პრეზიდენტმა მორაგბეებს კიდევ ერთხელ მიულოცა ისტორიული გამარჯვებებით გამორჩეული გასული წელი, რაც დაუღალავი შრომის შედეგი იყო და აღნიშნა, რომ ქართული რაგბი წელს კიდევ უფრო დიდი მიღწევებისთვის ემზადება:

„წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ყოველი დღე, ყოველი მატჩი სექტემბრამდე, ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის სამზადისი უნდა იყოს. ასობით ათასი გულშემატკივარი, სრულიად საქართველო, დიდი წარმატების მოლოდინშია და გამარჯვების ის ჟინი, რაც ექვსი ერის ქვეყნების დამარცხებამ მოიტანა, არათუ არ უნდა განელდეს, არამედ ახალი გამარჯვებებით კიდევ უფრო უნდა გაღვივდეს“ – თქვა მან შეხვედრაზე.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში იოსებ ტყამალაძემ განსაკუთრებული როლი გულშემატკივარს და მის აქტიურობას მიანიჭა. ის ყველას მოუწოდებს, რომ არ გამოტოვონ ნაკრების არცერთი მატჩი, რადგან გულშემატკივრის თანადგომა ყოველთვის განსაკუთრებულად აისახება ბორჯღალოსნების განწყობასა და თამაშის ხარისხზე.

საქართველო 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და პირველ შეხვედრას 5 თებერვალს, „ავჭალაზე“ გერმანიასთან გამართავს.

„წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპია“ – აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა – „მოდით სტადიონზე, ვიგრძნოთ ერთობა და ეროვნული სიამაყე იმით, თუ როგორი ძალისხმევით ვემზადებით ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის” – მიმართა მან ქომაგებს.

რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა ნაკრების ადმინისტრაციასთან დეტალურად განიხილეს ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც მსოფლიო თასის დაწყებამდეა აღმოსაფხვრელი და გუნდს ამ დიდ სამზადისში სრულ მხარდაჭერას დაპირდნენ.

RUGBY.GE

0.106773