ფეხბურთი

10:28 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსს" ერედივიზიონში ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია, ანტირეკორდი გაიმეორა და მწვრთნელი დაითხოვეს

ამსტერდამის „აიაქსი“ კრიზისშია და თავისი ანტირეკორდი გაიმეორა. ალფრედ შრიოდერის გუნდმა ერედივიზიონში ზედიზედ მე-6 ფრე ითამაშა!

ამსტერდამელებმა მე-18 ტურში აუტსაიდერ „ვოლენდამს“ საკუთარ მოედანზე ვერ მოუგეს, უფრო მეტიც, მე-80 წუთამდე აგებდნენ და გუნდს ქულა მოჰამედ კუდუსიმ გადაურჩინა.

„აიაქსს“ 2022 წლის 22 ოქტომბრის შემდეგ ნიდერლანდების ჩემპიონატში არ მოუგია - 6 ფრე და 1 მარცხი (პსვ-სთან). ყველაფერი სწორედ ეინდჰოვენთან წაგებით დაიწყო, მერე კი ზედიზედ 6 ფრე იყო „ვიტესთან“, „ემენთან“, „ნაიმეგენთან“, „ტვენტესთან’, „ფეიენოორდსა“ და „ვოლენდამთან“. „აიაქსს“ ერედივიზიონში 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამაზე ცუდი სერია ისტორიაში არასდროს ჰქონია (ასევე ზედიზედ 7 მატჩი ვერ მოიგო 1962, 1964 და 1965 წლებში).

ლოგიკურია, რომ მსგავსი სერიის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ალფრედ შრიოდერი გაათავისუფლეს და მასთან ერთად კლუბის დატოვება მოუწია მის ასისტენტს, მატიას კალტენბახს.

"ეს არის მტკივნეული გადაწყვეტილება, მაგრამ ასევე აუცილებელი. სეზონის კარგი დაწყების შემდეგ, ჩვენ დავკარგეთ ზედმეტი ქულები. თამაში ასევე არასტაბილური იყო. მსოფლიო ჩემპიონატი ადრეულ და ხანგრძლივ ზამთარს ნიშნავდა. შესვენება და დრო გვარწმუნებდა, რომ რაღაცები შეგვეცვალა და გაუმჯობესებულიყო. ბოლო კვირების განმავლობაში სულ უფრო ცხადი გახდა, რომ მან ვერ შეცვალა ვითარება, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ მიუხედავად მრავალი ტრანსფერისა, მას ჰყავდა ძლიერი და ჩემპიონობის ღირსი გუნდი. ბოლო კვირებში ბევრი ქულა დავკარგეთ და სამწუხაროდ პროგრესი ვერ დავინახეთ“, - თქვა "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა.

აქვე გეტყვით, რომ „აიაქსი“ 34 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „ფეიენოორდს“ 7 ქულით ჩამორჩება.

0.125661