ფეხბურთი

20:59 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკული ფეხბურთის ისტორია დაიწერა! მაროკო მუნდიალის ნახევარფინალშია

მაროკოს ნაკრებმა ისტორია დაწერა, არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ მთლიანად აფრიკული ფეხბურთის.

მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში ითამაშებს. ეს რეალობაა! ვალიდ რეგრაგის გუნდმა ჯგუფში აჯობა ხორვატიას, ბელგიას და კანადას, მერვედფინალში ესპანეთი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ვარსკვლავური პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც წინა ეტაპზე შვეიცარია 6:1 გაანადგურა და ბევრმა მუნდიალის მთავარ ფავორიტებში ჩაწერა.

თუმცა, მაროკოს ნაკრებისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ - გუნდი ძალიან ორგანიზებულია, ალბათ, მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე მეტად და შესანიშნავად თამაშობს ყველა ფაზაში. შემთხვევითი არაა, რომ მაროკოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დრომდე ერთადერთი გოლი გაუშვა, ისიც ავტოგოლით - მეტოქე ფეხბურთელს იასინ ბონოს კარი არ დაულაშქრავს. ეგ კი არა, მაროკოელ მეკარეს პენალტების სერიაშიც ვერ გაუტანეს...

მაროკომ პორტუგალია დამსახურებულად დაამარცხა, თავისი შანსი, რომელიც დიოგო კოშტას შეცდომით პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო, გამოიყენა. იუსუფ ენ-ნესირმა მეკარეს დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში პორტუგალია ეცადა ანგარიშის გათანაბრებას, მოედანზე კრიშტიანუ რონალდუც გამოჩნდა, რაფაელ ლეაოც და ჟოაო კანსელოც, მაგრამ აფრიკელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს. არაა გამორიცხული, რომ ეს რონალდუს ბოლო სანაკრებო თამაშიც ყოფილიყო...

მაროკომ ისტორია დაწერა და ეჭვგარეშეა, რომ გაჩერებას აღარ აპირებს, მისი ჩამოწერა კი ნებისმიერი გუნდისთვის საგანგაშო იქნება. წინ ნახევარფინალია, სადაც მაროკოელები საფრანგეთს ან ინგლისს შეხვდებიან.

მაროკო - პორტუგალია 1:0 (1:0)

დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, ელ იამიქი, საისი (დარი 57), ატიატ-ალაჰი; უნაჰი, ამრაბატი, ამალაჰი (ჩედირა 65); ზიეში (აბუხლალი 82), ენ-ნესირი (ბენუნი 65), ბუფალი (ჟაბრანი 82)

მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი

პორტუგალია (4-3-1-2): დიოგო კოშტა; დალო (79), პეპე, რუბენ დიაში, გერეირო (კანსელო 51); ბერნარდო სილვა, ნევეში (რონალდუ 51), ოტავიო (ვიტინია 69); ბრუნო ფერნანდეში; რამოში (ლეაო 69), ჟოაო ფელიქსი

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

გოლი: 1:0 ენ-ნესირი (42)

გაფრთხილება: დარი (70), ჩედირა (90, 90) - ვიტინია (87)

გაძევება: ჩედირა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 11 (3) ბურთის ფლობა: 26%-74% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ფაკუნდო ტელო (არგენტინა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133862