სანდრო ბაზაძე ალჟირში გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ქართველმა მოფარიკავემ ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა, დაძაბული ფინალი მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა.
სანდრო ასპარეზობაში 1/32 ფინალიდან ჩაერთო და პირველი ადგილის მოსაპოვებლად 6 ორთაბრძოლა მოიგო. მან თავდაპირველად ეგვიპტელ მაზენ ელერაბის 15:10, შემდეგ იტალიელ მიკელე გალოს 15:10 და ფრანგ ჯან ფილიპე პატრისს 15:9 აჯობა. საქართველოს საუკეთესო მოფარიკავემ მეოთხედფინალში კორეელი ბონგილ გუ ძალიან ადვილად - 15:3 დაამარცხა.
ყველაზე რთული კი ნახევარფინალი და ფინალი გამოდგა. შესაბამისად, სანდრომ ჯერ ეგვიპტელი ზიად ელსისი 15:13, ხოლო ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი ლუიჯი სამელე იგივე ანგარიშით - 15:13 აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ მსოფლიოს თასზე ოქროს მედლის მოპოვება მეოთხედ მოახერხა.