სხვა

15:19 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ევროპული თამაშების ბიუჯეტი ინფლაციის ფონზე

მესამე ევროპული თამაშების დაწყებამდე რვა თვეზე ნაკლები რჩება, თუმცა ინფლაციის სიმწვავის გათვალისწინებით, კრაკოვ/მალოპოლსკა- 2023-ის ჯამური საორგანიზაციო ხარჯები თამაშების ორგანიზატორებისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

პოლონეთის მთავრობამ საოპერაციო ხარჯების ნახევარი - 400 მილიონი პოლონური ზლოტი (100 მილიონი აშშ დოლარი) 2022 წლის იანვარში გამოყო, მაგრამ თებერვალში დაწყებული რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, ევროპაში, მათ შორის პოლონეთში, ეკონომიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. მაგალითად, იმავე პოლონეთში ინფლაციამ ბოლო 25 წელიწადში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

მსოფლიოში სურსათის, საწვავის და ენერგიის ფასების ზრდის ტენდენცია უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ინფლაციის დონეზე, ასევე ეკონომიკურ აქტივობებზე. პოლონეთში შიშობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ეკონომიკური ზიანი კიდევ უფრო მძიმე იქნება. შესაბამისად, გასაგებია მესამე ევროპული თამაშების ორგანიზატორების შეშფოთების მიზეზი. ამის შესახებ ისაუბრა კრაკოვის მერის მრჩეველმა ლუკაშ მაშლონამ და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი იყო არასწორად გათვლილი და ივარაუდა, რომ მულტისპორტული ღონისძიების ხარჯები ბევრად მაღალი იქნებოდა, ვიდრე თავდაპირველად იყო პროგნოზირებული. იმედია, რომ პრობლემებ მოგვარდება და შეჯიბრებები შეუფერხებლად ჩატარდება.

სხვათა შორის, თამაშების სპორტული პროგრამის ფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამ დროისთვის პროგრამაში სპორტის 25 სახეობაა შეტანილი, თუმცა საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის, მარჩინ ნოვაკის განცხადებით, შესაძლოა მათ რიგებს ჭიდაობა და საწყლოსნო სახეობები დაემატოს.

ევროპული თამაშები 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

GEONOC.ORG.GE

0.121653