რაგბი

20:35 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩაერთე რაგბში - ოთხმხრივი მემორანდუმი მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებთან ერთად

დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“, ქართული რაგბისა და ახალგაზრდობისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

მსოფლიო რაგბის პროექტი – „ჩაერთე რაგბში“, ამიერიდან ქართულ სკოლებში ამოქმედდება და ქართულ რაგბის მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი, აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო მიმართულებების ხელმძღვანელი დევიდ ქერიგი. მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვიცე-პრემიერს, სპორტისა და კულტურის მინისტრსაც შეხვდა.

პროექტში – „ჩაერთე რაგბში“ პირველ ეტაპზე საქართველოს 11 რეგიონის 150 სკოლა ჩაერთვება. ბავშვებთან პირველ ეტაპზე 60 ინსტრუქტორი, 300 გადამზადებული მასწავლებელი იმუშავებს, გოგონათა და ბიჭების რაოდენობა კი 15 000 შეადგენს. 8-წლიანი პროგრამის თანახმად, 2030 წლისთვის „ჩაერთე რაგბში“ 2000-მდე სკოლის 100-120 ათას გოგონასა და ბიჭს მოიცავს, რაც საბოლოოდ რეგისტრირებულ მორაგბეთა რაოდენობას, რომელიც დღესდღეისობით 8 ათასს შეადგენს გააოთხმაგებს.

პროექტის მიზნებია: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სპორტში გოგონებისა და ბიჭების თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა; სკოლებში უკონტაქტო რაგბის დანერგვა; ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმება; ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის მორაგბეების აღზრდა.

მემორანდუმს ხელი ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარემ ბატონმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს. ცერემონიალს ესწრებოდნენ რაგბის კავშირის გამგეობის წევრები, ვეტერანი ბორჯღალოსნები და მორაგბეები, ასევე რაგბის კავშირის ორი ყოფილი პრეზიდენტი – გია ნიჟარაძე და მერაბ ანთაძე.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო რაგბის პროექტის დაწყება თბილისის ‘ლელო-სარასენსის’ 55 წლის იუბილეს დაემთხვა. იოსებ ტყემალაძემ მის დამფუძნებელს, ბათუ (ვასილ) კევლიშვილს ქართული რაგბის და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

თეა წულუკიანი (ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი): „განათლების სამინისტროსა და რაგბის კავშირს შორის საუკეთესო თანამშრომლობა შედგა, იმისათვის, რომ რაგბი უფრო მეტად შევიდეს ჩვენს სკოლებში. საამაყოა, რომ პირველივე ეტაპზე ამ პრექტში 150 სკოლა ჩაერთვება და ბავშვები ეზიარებიან რაგბის ფასეულობებს, სპორტულ ქცევას, შეჯიბრის ფასს, შემდეგ კი, ვინც დაინტერესდება მაღალი მიღწევებისთვის გააგრძელებს შრომას. ეს არის ძალიან კარგი წამოწყება, რომელიც ვერ შედგებოდა, რომ არა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მსოფლიო რაგბის ხელშეწყობა, რომლის თავმჯდომარესაც დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ.

თამარ მახარაშვილი (განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე): „სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია განათლების და მეცნიერების სამინისტროსთვის. რაგბი ჩვენი თამაშია და როგორც სამინისტროს, ასევე რაგბის კავშირის მხრიდან უდიდესი ძალისხმევა ჩაიდო, რათა მოვსულიყავით ამ ეტაპამდე. რაგბის გაკვეთილები ამ ბავშვებს არაჩვეულებრივ უნარებს განუვითარებს. რაგბში უმნიშვნელოვანესია ლოგიკური დაგეგმარება, ერთობა, გუნდურობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში განათლების და სპორტის სამინისტროსთან ერთად ჩართულია ფონდი „ქართუ“, რაც ამ პროექტს კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მისცემს“.

ნიკოლოზ ჩხეტიანი (საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარე): „ფონდი ქართუ 10-წლეულების განმავლობაში ანხორციელებს ქველმოქმედების პროექტებს სხვადასხვა დარგში. ქართული რაგბი გამონაკლისი არ არის და ფონდმა მის განვითარებაში ძალიან დიდი ოდენობის თანხები ჩადო. ჩვენ ვხედავთ შედეგს, წარმატებას და ამას რა თქმა უნდა გაფრთხილება და შემდგომი ზრუნვა ჭირდება. ჩვენ უნდა შევუწყოთ ახალ თაობას ხელი, რათა მოხდეს მათი განვითარება. რაგბი ყველა ქართველის საზრუნავი უნდა გახდეს“.

ბილ ბომონტი (მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი): “მინდა ავღნიშნო რამდენად კმყოფილია მსოფლიო რაგბი იმ ფაქტით, რომ დღეს ამ ღონისძიების მომსწრე გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტისა და განათლების ასეთი მჭიდრო კავშირი. ვხედავ როგორ იზრდება ქართული რაგბი ყოველწლიურად და ვხედავ რომ ამ ქვეყანას ბევრი სარაგბო ტალანტი ყავს.”

იოსებ ტყემალაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „პროექტი, რომელიც მსოფლიო რაგბის მიერ არის მხარდაჭერილი, მოგვცემს საშუალებას უამრავი ბავშვი ჩავრთოთ სპორტში და ამისთვის დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, განათლების და სპორტის სამინისტროს, ფონდ „ქართუს“. ქართული რაგბი ბავშვთა რაგბის განვითარებაზე დგას და დღეს ამ კუთხით ძალიან კარგი დღეა. ვიწყებთ 150 სკოლით, თუმცა გვაქვს იმედი, რომ 2030 წლისთვის 2-ათასივე სკოლას ავითვისებთ. ეს არის შრომატევადი სამუშაო. მთავარია, რომ ეს ბავშვები ფიზიკურად და მორალურად იქნებიან ჯანმრთელი, მერე კი ასახელებენ ჩვენს ქვეყანას რაგბით და იმ ფასეულობებით, რასაც ემსახურება ქართული რაგბი“.

თორნიკე გოგებაშვილი (რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი): „დღეს ხელი მოეწერა ოთხმხრივ შეთანხმებას და საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, სასკოლო რაგბს. ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად მოვიცვათ ყველა სკოლა. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ რაგბის განვითარებას, არამედ ქვეყანას აღუზრდის ჯანსაღ თაობას. რაც შეეხება მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის და მისი გუნდის ვიზიტს. 10 დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მეორე წარმომადგენლობითი დელეგაცია გვეწვია, რაც ქართული რაგბის წარმატებული რეფორმების და ტიერ1-ის გუნდთან მოპოვებულ გამარჯვების გამოხმაურებაა. ქართული რაგბი მსოფლიო რაგბის რუქაზე შესაბამის ადგილს იკავებს. ჩვენ მათგან ყველა მიმართულებით უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ“.

დავით კაჭარავა (რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე): „უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი საქართველოს თავის გუნდთან ერთად ეწვია, რათა თავისი თვალით ნახოს როგორ ვითარდება ქართული რაგბი და გაეცნოს იმ გეგმებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში გვაქვს. ამასთან ერთად, ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელიც სკოლებში უკონტაქტო, თაგ-რაგბის დანერგვას მოიცავს. დიდი მადლობა განათლების და სპორტის სამინისტროს, საიდანაც უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს. ასევე განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით. ეს პროექტი არა მხოლოდ რაგბისთვის, ქვეყნისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჯანსაღი თაობა კიდევ უფრო დიდი ნაბიჯებით წაიყვანს წინ ჩვენს ქვეყანას“.

RUGBY.GE

0.110615