ფეხბურთი

1:56 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრები ერთა ლიგის "ოთხთა ფინალშია"

იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალის“ საგზური მოიპოვა. რობერტო მანჩინის გუნდი, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერგასვლით მიღებული კოშმარიდან გამოდის და ძველებურად ათამაშებას იწყებს.

იტალიას ამ სანაკრებო ფანჯარაში უამრავი წამყვანი მოთამაშე აკლდა და გადახალისებული შემადგენლობით თამაში მოუწია, მაგრამ ჯერ ინგლისს მოუგო და ახლა უნგრეთს გასვლაზე, არადა, მარკო როსის გაწვრთნილ უნგრეთს პირველობის „სიკვდილის ჯგუფში“ ქულაც ჰყოფნიდა და ანგარიშგასაწევი ძალა რომ არის, წინა მატჩებმა დაადასტურა.

თუმცა, იტალიის ნაკრებმა ბუდაპეშტში ძალიან მშვიდად მოიგო - 2:0. პირველ ტაიმში ჯაკომო რასპადორიმ გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ფედერიკო დიმარკომ სხვაობა გაზარდა. იტალიამ 11 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. შედეგად, 2023 წლის ივნისში, „ოთხთა ფინალში“ ერთა ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებს, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებს და რომელშიც ნიდერლანდები, იტალია და ხორვატია ითამაშებენ, ხოლო მეოთხე მონაწილე დღეს გაირკვევა - ან პორტუგალია, ან ესპანეთი. ეს გუნდები პორტუგალიაში ხვდებიან ერთმანეთს და მასპინძლებს ფრეც აწყობთ, სტუმრებს მხოლოდ მოგება.

„უემბლიზე“ კლასიკური დუელი შედგა, ინგლისი - გერმანია. ოღონდ, სატურნირო მოტივაციის გარეშე. გუნდებმა პირველ ტაიმში ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მაყურებელმა 6 გოლი იხილა. ილქაი გიუნდოგანისა და კაი ჰავერტცის გოლებით ჰანსი ფლიკის გუნდი 2:0 დაწინაურდა და 75-ე წუთამდე ასე იგებდა, მაგრამ 83-ე წუთზე უკვე ინგლისი იყო წინ - 3:2. მიუხედავად ამისა, გერმანია მარცხისგან ჰავერტცმა იხსნა და ფრე - 3:3. გერმანიამ ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ინგლისმა 3 ქულით ბოლო და B დივიზიონში გავარდა, სადაც საქართველოს ნაკრები აღზევდა.

უნგრეთი - იტალია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 რასპადორი (27), 0:2 დიმარკო (52)

ინგლისი - გერმანია 3:3 (0:0)

გოლები: 0:1 გიუნდოგანი (52, პენ), 0:2 ჰავერტცი (67), 1:2 შოუ (72), 2:2 მაუნთი (75), 3:2 კეინი (83, პენ), 3:3 ჰავერტცი (87)

1. იტალია 6 3 2 1 8 7 1 11
2. უნგრეთი 6 3 1 2 8 5 3 10
3. გერმანია 6 1 4 1 11 9 2 7
4. ინგლისი 6 0 3 3 4 10 -6 3
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11098