სხვა

20:07 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

IJF-მა რუს და ბელარუს სპორტსმენებს იანვრამდე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2023 წლის იანვრამდე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა.

IJF ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციებიდან ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, რომელიც სრულიად არ იზიარებდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს, რაც თავის მხრივ, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, აგრესორი ქვეყნის ათლეტების მოკვეთას ითვალისწინებს.

ძიუდოს მმართველი ორგანო, ნაცვლად სრული აკრძალვისა, რუს ძიუდოისტებს ნეიტრალური - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით ასპარეზობის საშუალებას აძლევდა.

"IJF -ის აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით და ძიუდოში ყველა ათლეტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვიტა, რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ღონისძიებებზე 2023 წლის იანვრამდე მონაწილეობის უფლება არ მისცეს," - ნათქვამია IJF-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სანქციების გათვალისწინებით, რაც რუსულ სპორტში დოპინგ-სინჯებით მანიპულაციის ფაქტებით იყო გამოწვეული, რუსეთს ქვეყნის სახელით, დროშით და ჰიმნით გამოსვლა ჰქონდა აკრძალული 2021 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ეს სანქციები 17 დეკემბრამდე კვლავაც ძალაშია, მათ შორის - მსოფლიო ჩემპიონატზე.

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოვიდოდნენ, თუ მასში რუსეთის ნაკრებიც მიიღებდა მონაწილეობას.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113374