რაგბი

14:24 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად 26 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და საქართველოს ნაკრების მაღალ შედეგებს უკავშირდება.

„ის რომ ბატონი ბომონტი პირადად ჩამოვა საქართველოში და ქართული რაგბის მესვეურებს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ესაუბრება, ნათელი დადასტურებაა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მსოფლიო სარაგბო ოჯახისთვის, – პანდემიის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში“ – განაცხადა მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა პიტერ ჰორნიმ, რომელიც ბილ ბომონტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია საქართველოს, – „ჩვენ ქართველ კოლეგებს ვესაუბრებით თამაშის ახლებურ სტრატეგიაზე და ასევე რაგბის კომერციალიზაციაზე, განვიხილავთ ქართული რაგბის სასპონსორო ბიუჯეტსაც და შეჯიბრებების ახლებურ სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მორაგბეებს მეტად იყვნენ წარმოდგენილნი საერთაშორისო ასპარეზზე“ – დასძინა მან.

26 სექტემბერს საქართველოში ასევე ჩამოვლენ მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ ქერიგი. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გარდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტისა და კულტურის მინისტრსაც შეხვდება, თანამშრომლობის საკითხებს სპექტრს შორის განიხილავენ ქართველ მორაგბეთა მომავალი თაობის ხელშეწყობის პერსპექტივასაც.

„როდესაც 10 დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის უმაღლესი რანგის ხუთი მოხელე შენს ქვეყანაში ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ ქართული რაგბი მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს და მის მომავალს დანარჩენი მსოფლიო დიდ მოლოდინებს უკავშირებს“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრუებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა, მისი თქმით ეს მოლოდინები მნიშვნელოვნად გაამყარა რაგბის კავშირის წარმატებულმა რეფორმებმა და ასევე ზაფხულის სერიის ფარგლებში, იტალიის ნაკრებთან ბათუმში მოპოვებულმა გამარჯვებამ, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა პირველად სძლიეს ტიერ-1-ის გუნდს.

საქართველოს რაგბის კავშირი გამოდის ინიციატივით და მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო რაგბთან, რათა მაღალი მიღწევების დირექტორის პოზიციაზე მოიწვიოს საერთაშორისო დონის სპეციალისტი, რომელიც კიდევ უფრო წინ წაწევს და ახალ საფეხურზე აიყვანს ქართულ რაგბს საერთაშორისო ასპარეზზე.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117883