რაგბი

20:05 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ თასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში

24 სექტემბერს, ვალიადოლიდში რაგბი ევროპის სუპერ თასის დასავლეთ კონფერენციაში ესპანური ‘იბერიანსი’ პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ მასპინძლობს.

გუნდები 9-9 ქულით დასავლეთ კონფერენციის ლიდერები არიან და ურთიერთშეხვედრებში გადაწყდება ვინ დაიკავებს პირველ და ვინ მეორე ადგილს. პირველი ცენტრალური შეხვედრა ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება და მას ქართული სამსაჯო ბრიგადა გაუძღვება. მოედნის მსაჯი საბა აბულაშვილი იქნება, კიდეებიდან კი შოთა თევზაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე დაეხმარებიან.

ქართველი მსაჯებისთვის სუპერ თასი უცხო ხილი არაა. გასულ სეზონში ქართველმა მსაჯებმა ოთხი შეხვედრა განსაჯეს. აქედან სამში, მათ შორის ნახევარფინალში, მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იყო, ერთხელ კი აბულაშვილი. წლევანდელი სუპერ თასის პირველ ტურში ‘ვულვზი’ ‘ჰითის’ შეხვედრაში გიგა მშვენიერაძე მთავარი მსაჯი იყო, ხოლო კიდეებიდან შოთა ცაგარეიშვილი და საბა მახარაძე ეხმარებოდნენ.

„ტურნირი პირველად შარშან ჩატარდა და მაშინაც გვქონდა დანიშვნები. ჩემს მუშაობას კარგი გამოხმაურება მოყვა და წელსაც მივიღე ჯგუფურ ეტაპზე დანიშვნა, თანაც უფრო მაღალი დონის შეხვედრაზე. ‘იბერიანსი’ და ‘ლუზიტანუში’ დასავლეთ კონფერენციაში ლიდერები არიან, ორივე თავისი ქვეყნის ნაკრების საბაზო გუნდია და გახსნილი, სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს“ – ამბობს საბა და განაგრძობს:

„ყველა მსგავსი დანიშნვა ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა. დიდი 10 სამსაჯოდ ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატია და სუპერ თასზე ამ მხრივ პრობლემები არ გვექმნება. ეს არის შანსი, საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები, რათა შემდგომში უფრო მაღალი დონის დანიშვნები მივიღოთ“.

აბულაშვილისთვის გასული ზაფხული საინტერესო გამოდგა, რადგან ის ტესტ-მატჩებში იყო ჩართული და კიდით მსაჯად ორ შეხვედრაში იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ორივე თამაში საქართველოში გაიმართა და ერთში ბორჯღალოსნებმა იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (28:19), მეორეში კი პორტუგალიას სძლიეს 23:14.

„ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით ბათუმში, იტალიასთან თამაშზე. პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო. როდესაც საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშის მსაჯობა გიწევს, განსხვავებული განცდები გეუფლება, მაგრამ ემოციებს გვერდით წევ და სხვაგვარად გიწევს საქმეზე ფოკუსირება. ამ თამაშის ჩანაწერს მოგვიანებით ვუყურე და მაშინ განვიცადე გამარჯვებით გამოწვეული ემოციები“.

„რაც შეეხება თავად თამაშს, იტალიას რამდენჯერმე ჰქონდა გარდამტეხი მომენტი, თუმცა საქართველომ თავი კარგად დაიცვა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ საქართველო მეტოქეზე მეტად იყო მონდომებული. მანამდეც, ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ მთელი ქვეყანა ისტორიული გამარჯვებისთვის ემზადებოდა და ღონისძიებებიც მუხტის ასაწევად იყო დაგეგმილი. მოედანი და ატმოსფერო უბრალოდ ფანტასტიური იყო. ბევრი ქვეყანაში, ბევრ სტადიონზე მიმსაჯია, თუმცა ასეთი გარემო და აურა აქამდე არსად შემხვედრია. მოთამაშეებმა ეს მუხტი კარგად გადაიტანეს მოედანზე და შედეგიც შესაბამისი დადგა“.

RUGBY.GE

0.103688