კალათბურთი

17:50 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემირელის და ნოვაკის შეფასებები საქართველოს ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით

ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა – თურგაი დემირელმა და ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა, კამილ ნოვაკმა გერმანიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ბერლინში, ევრობასკეტის ფინალური მატჩის დღეს პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც გასული ევროპის ჩემპიონატი შეფასდა. გთავაზობთ იმ მონაკვეთებს, სადაც თურგაი დემირელმა და კამილ ნოვაკმა საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრეს.

თურგაი დემირელი:

პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მასპინძელ ფედერაციას – კერძოდ გერმანიას და ამ ქვეყნის საკალათბურთო ფედერაციას, როგორც ჯგუფური და ფინალური ეტაპის მასპინძელს. ამასთანავე დანარჩენი 3 ქვეყნის ფედერაციას, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ჯგუფური ეტაპის თამაშებს იტალიაში, იტალიის საკალათბურთო ფედერაციას, ჩეხეთში, ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციას, და თბილისში საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ თითოეულ თანამშრომელს, ყველა მოხალისეს, ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს, ევრობასკეტის საუკეთესოდ ჩატარებაში შეტანილი თავდაუზოგავი წვლილისთვის. ამასთანავე მინდა მადლობა გადავუხადო ევრობასკეტ 2022-ის ელჩ-დირკ ნოვიცკის, რომელიც ჩემპიონატს დასაწყისიდანვე გვერდში ედგა. მისმა აქტიურმა მხარდაჭერამ განაპირობა ტურნირის ფართომასშტაბიანი გავრცელება და აღიარება. ამასთანავე მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულ ფედერაციის მიმართ. წელს ევრობასკეტში 24 ნაკრები ასპარეზობდა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთელო შტაბებს, მათ ოჯახებს. რა თქმა უნდა, მადლიერება მინდა გამოვხატო მსაჯებისა და FIBA ევროპის გუნდის წევრების მიმართ, რომლებიც ტურნირის ორგანიზებისთვის, ადგილობრიც საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად დიდი სამუშაო გასწიეს.

კამილ ნოვაკი:

მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. საორგანიზაციო კუთხით ევრობასკეტის 1 წლით გადაწევის გადაწყვეტილებამ ლოჯისტიკური პრობლემები წარმოშვა არა მხოლოდ ფიბა ევროპისთვის, არამედ მასპინძელი ეროვნული ფედერაციებისთვისაც. მიუხედავად ამისა, გამოწვევებთან გამკლავება განსაკუთრებით ადგილობრივი მთავრობების მხარდაჭერით ყველამ ძალიან კარგად შეძლო. შესაძლოა, თითოეული ჩვენგანისთვის უდიდეს გამოწვევად თბილისში ახალი არენის მშენებლობა ჩაითვალოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ტურნირის გადაწევა ამ კუთხით სასარგებლო იყო, თუმცა პირიქით, ჩემპიონატის გადატანამ და კოვიდ 19-ის პანდემიამ მშენებლობის გაგრძელებაში პრობელმები წამოჭრა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ევრობასკეტ 2022-ის მთავარი დანატოვარი, ყველა იმ წარმატებასთან და სტატისტიკურ მონაცემთან ერთად, რომელზეც ბატონმა პრეზიდენტმა ისაუბრა, ნამდვილად არის თბილისის ახალი არენა. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომელმაც მთავრობის დახმარებით შეძლო მშენებლობის დასრულება. ჩვენ ერთი ფანჯარა, ივნისი-ივლისში ამ არენაში უკვე ჩავატარეთ, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონიც იმავე დარბაზში გაიმართა, შესაბამისად ეს ყოველივე ნამდვილად არის სოლიდური წარმატება. არა მარტივი, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ევრობასკეტი გამორჩეული იყო უკვე ჯგუფურ ეტაპზევე, თუ შევაფასებთ იმ დარბაზებს, რომლებმაც ჯგუფური ეტაპის თამაშებს უმასპინძლეს. კიოლნში 18000 ათასიანი დარბაზი, პრაღის ძალიან თანამედროვე არენა, ახალი დარბაზი თბილისში და თავისთავად მილანის ლეგენდარული არენა. ეს თავისთავად, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გულშემატკივრებისთვის, მოთამაშეებისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. რაც შეეხება ბერლინს, აქ ახალი არაფერი ყოფილა, რადგან ამ ქალაქმა და დარბაზმა უკვე უმასპიძლა ჯგუფურ ეტაპს 2015 წელს. შესაბამისად, დარბაზების მხრივ, წლევანდელი ევრობასკეტი დიდი მიღწევა იყო, თავისთავად ნელ-ნელა უკვე ვგეგმავთ 2025 წლის ევრობასკეტს და ამ მხრივაც გვაქვს გარკვეული განვითარება. ალბათ არ მჭირდება უშუალოდ ქალაქების, პრაღის, მილანის, თბილისის, კოილნის, ბერლინის ხსენება. გულშემატკივრებითვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ არა მხოლოდ თამაშების, არამედ რაღაც ახლის, განსხვავებულის ხილვის შესაძლებლობა.

მინდა ამასთანავე გამოვყო საკითხი, რომელზეც ვფიქრობდი ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობისას. მეც და ბატონი პრეზიდენტიც ვესტუმრეთ თითოეულ მასპინძელ ქალაქს. აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ უდიდეს სამუშაოს, რომელიც გასწიეს მოხალისეებმა არა მხოლოდ ბერლინში, არამედ ჯგუფური ეტაპის ყველა ქალაქში და მათი ძალისხმევა, რომელიც შესაძლოა, ყოველდღიურად არ ჩანდეს. მე ვიხილე ბევრი აღფრთოვანებული ახალგაზრდა მოხალისე, თუმცა ამასთანავე უკვე პენსიაზე გასული პირებიც. მიმაჩნია, რომ ეს იყო მასპინძლების ძალიან სწორი სტრატეგია, მოეცვათ შესაძლებლობისამებრ ბევრი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, რაც თავისთვად არის ევრობასკეტის სოციალური თანასწორობის გამოხატულება. დიდი მადლობა მოხალისეებს ყველა, ხუთივე მასპინძელი ქალაქიდან.

GBF.GE

0.104566