კალათბურთი

17:28 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA-ს დარბაზში (+VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენის OAKA-ს დარბაზში, სადაც “აკროპოლისის თასის” მატჩები ჩატარდება, პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდმა საათნახევრის მანძილზე ივარჯიშა დარბაზში, რომელიც 18 000 მაყურებელს იტევს და როგორც ვარაუდობენ, საბერძნეთის ნაკრების თამაშებისას, სავსე იქნება.

მოლოდინის მიზეზი გახლავთ 2 კვირის წინ გამართული მატჩი, რომელშიც ბერძნებმა OAKA-ში ესპანეთს უმასპინძლეს და ათენელებმა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დარბაზი ბოლომდე გაავსეს. ამის მიზეზი გახლავთ იანის ადეტოკუმბო, “მილუოკი ბაქსისა” და თანამედროვე კალათბურთის სუპერვარსკვლავი, რომელიც ნბა-ს ორგზის MVP-ია და მას შემდეგ, რაც ამობრწყინდა, სამშობლოში პირველად თამაშობს.

საქართველო საბერძნეთს 18 აგვისტოს ეთამაშება, მანამდე კი 17-ში თურქეთს შეხვდება, ხოლო 19 აგვისტოს ტურნირს პოლონეთთან მატჩით დაასრულებს. ილიას ზუროსის გუნდი OAKA-ს დარბაზში მეორე ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჩაატარებს.

0.10888