კალათბურთი

22:10 | 5.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა უნგრეთთან ერთი ქულით წააგო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება და უნგრეთში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში 88:89 დამარცხდა.

ილიას ზუროსის გუნდმა პირველი პერიოდი ჩააგდო, რომელიც 7 ქულით დათმო და საბოლოო შედეგზე ამან დიდი გავლენა იქონია. დარჩენილ სამ პერიოდში საქართველო ოდნავ უკეთესი იყო, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე საქმე ვერ მიიყვანა.

საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 19 ქულა მიითვალა, ხოლო გიორგი შერმადინისა და დუდა სანაძის აქტივში შესაბამისად 18 და 16 ქულა იყო. მოედანზე დაბრუნდა გიორგი ცინცაძე, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და გუნდს 5 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან კიდევ ერთ სპარინგს 6 აგვისტოს ჩაატარებს, თუმცა ამჯერად შეხვედრა მედიისთვის და გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება. შემდეგ ქართველი კალათბურთელები სამშობლოში დაბრუნდებიან, სადაც ისრაელთან ორჯერ ისპარინგებენ, ხოლო მერე საბერძნეთში აკროპოლისის თასზე სათამაშოდ გაემგზავრებიან.

უნგრეთი - საქართველო 89:88 (31:24, 16:18, 21:19, 21:27)

0.136686