კალათბურთი

19:10 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U18 ნაკრები ოვერტაიმში დამარცხდა და ნორვეგიის მოგება სჭირდება

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მეოთხედფინალთან ძალიან ახლოს იყო და საამისოდ ნიდერლანდების დამარცხება მართებდა. გამარჯვებასთანაც ახლოს იყო: მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 9 ქულით – 49:40 იგებდა. როგორც ანგარიშში სხვაობიდან ჩანს, გამარჯვებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, თუმცა ისე მოხდა, რომ ნიდერლანდელებმა ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდეს და მატჩის დასრულებამდე 28 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს. ქართველების სამივე კონტრშეტევა, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

დამატებით დროშიც დავწინაურდით – 52:49 ვიგებდით, მაგრამ აქაც სამქულიანები მივიღეთ: ჯერ ჯიბბე სიკინგმა, შემდეგ კი ლატიფ დიუფმა შორი სროლები მიითვალეს, თავისიანები 57:52 დააწინაურეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. საბოლოოდ ნიდერლანდებმა 59:52 (სტატისტიკა) იმარჯვა და საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. მოგების შემთხვევაში საქართველო პირველ ადგილზე გადიოდა და შესაბამისად, მეოთხედფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსანს ხვდებოდა. ახლა კი საქართველოს გასვლა-არგასვლის ბედი სხვა გუნდებზეა დამოკიდებული.

საქართველო რომ ჯგუფიდან გავიდეს, ერთადერთი ვარიანტი დარჩა. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ნორვეგიამ ბულგარეთს უნდა სძლიოს. ასე რომ მოხდეს, 3 გუნდს – საქართველოს, ნიდერლანდებს და ნორვეგიას თანაბარი ქულები (3 მოგება, 2 მარცხი) უგროვდებათ და ურთიერთშეხვედრებში საუკეთესო ჩვენი გუნდია, რომელიც პირველზე გასული ბოსნიის შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს. იყო ერთი შანსიც, მაგრამ კოსოვოს ბოსნია-ჰერცეგოვინა უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ეს მატჩი უკვე დასრულდა და ბოსნიელებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრების ბედი ნორვეგია-ბულგარეთის მატჩზეა დამოკიდებული. სკანდინავიელების გამარჯვების შემთხვევაში დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში გადის.

GBF.GE

0.166176