ფეხბურთი

22:56 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ევროტურნირები მოგების გარეშე დაასრულა...

საქართველოს ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ევროთასებზე ასპარეზობა დაასრულა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ჩემპიონ „ლეხთან“ სტუმრად 0:5 წაგების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა სასწაული ლოგიკურია, რომ ვერ მოახდინა.

უფრო მეტიც, „დინამო ბათუმმა“ ვერც „აჭარაბეთ არენაზე“ მოიგო და მინიმალური რევანშიც ვერ აიღო. ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს შედეგში ვერ ასახეს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს უპირატესობა იმ ხარისხის ნამდვილად არ ყოფილა, ქამბექზე ფიქრი რეალურთან მიახლოებული მაინც რომ ყოფილიყო.

„დინამო ბათუმი“ 64-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ირაკლი აზაროვის შესანიშნავი გადაცემა, უფრო კარგი თავური დარტყმით მათე ვაწაძემ დაასრულა და მასპინძლები წინ გავიდნენ. თუმცა, აჭარლებმა ეს უპირატესობა არათუ ვერ გაზარდეს, არამედ ვერც შეინარჩუნეს. 76-ე წუთზე ალან ჩერვინსკიმ შორი მანძილიდან დაარტყა და - 1:1.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „დინამო ბათუმი“ 1:6 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კონფერენს ლიგასაც გამოეთიშა. გია გეგუჩაძის გუნდმა ევროთასების მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა, ვერცერთი მოიგო და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა... ცხადია, ეს ძალიან ცუდი შედეგია. შარშან ბათუმელებმა გაცილებით კარგად და ღირსეულად იასპარეზეს, სხვა თუ არაფერი, ორი ეტაპი გადალახეს და ასპარეზობას დამატებით დროში, ბრძოლაში გამოეთიშნენ თურქულ „სივასპორთან“.

„დინამო ბათუმი“ – „ლეხი“ 1:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:6

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

„დინამო ბათუმი“ (4-3-3): ალავიძე; მამუჩაშვილი, კობახიძე, რეხვიაშვილი, აზაროვი; რადინი (ბიძინაშვილი 72), ტეიდი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 78); დავითაშვილი (ჩაბრაძე 89), ვაწაძე (ჯიღაური 72), ჯოვინო (ფანცულაია 78)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„ლეხი“ (4-4-1-1): რუდკო; პერეირა, შატკა, დუგლასი, რებოშო (პინგო 82); სკორაში (მარჩივინსკი 61), კალსტრიომი, კვეკვესკირი, ველდე (წიტაიშვილი 61); ამარალი (ჩერვინსკი 73); შიმჩაკი

მწვრთნელი: ჯონ ვან დენ ბრომი

გოლები: 1:0 ვაწაძე (64), 1:1 ჩერვინსკი (76)

გაფრთხილება: ჯიღაური (90), მამუჩაშვილი (90) - კვეკვესკირი (81), კარლსტრომი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 5 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: იგორ სტოიჩევსკი (ჩრდ. მაკედონია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139836