საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - 82:76.
მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა ისაუბრა, რომელმაც ხაზი გუნდურ სულისკვეთებას გაუსვა და აღნიშნა, რომ გამარჯვება დაცვაში აგრესიულმა თამაშმა განაპირობა.
„პირველ რიგში ბედნიერი ვარ ჩემი მოთამაშეების პერფორმანსით და მოგებით. დაცვაში ძალიან აგრესიულად ვითამაშეთ და გამოვავლინეთ ჩვენი ხასიათი. მადლობას ვუხდი სამწვრთნელო სტაფს, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, ასევე მადლობა ექიმებს, რადგან იყო პრობლემები და ისინი ბევრს შრომობენ რომ ყველა მოთამაშე კარგად იყოს. მადლობა გულშემატკივარს, ასე მხურვალე ქომაგობისთვის. მათგანი ძალიან ენერგია და მუხტი მივიღეთ. დღეს ამ დარბაზში პირველი თამაში ჩატარდა და შესანიშნავი ატმოსფერო იყო. რაც მთავარია ახალ დარბაზში გამარჯვებით დავიწყეთ. ახლა ცოტას დავისვენებთ, მერე კი ისევ გავაგრძელებთ მუშაობას. ერთი გამარჯვებით მეტი გვაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, უნდა ვიმუშაოთ, რომ შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩებისთვის, რომელიც ევრობასკეტამდე გაიმართება, მზად ვიყოთ. დღეს გამარჯვება დაცვაში კარგმა თამაშმა განაპირობა. ვიცით, რომ ევრობასკეტზე ყველა მეტოქე ძლიერი გვყავს, მაგრამ ველოდებით გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს.
დღეს დილით, როცა მოთამაშეებს შევხვდი და თვალებში ჩავხედე, მივხვდი, რომ მოვიგებდით, რადგან მათგან სწორი სულისკვეთება იგრძნობოდა. მივხვდი, რომ შეგვეძლო ერთად ბრძოლა, რაც მნიშვნელოვანია. შეიძლება წააგო, მაგრამ მთავარი ერთად დგომა და ერთად ბრძოლაა. მადლობა ყველა გამოცდილ კალათბურთელს, შენგელიას, შერმადინს, რადგან ისინი ახალგაზრდა მოთამაშეებს გაესაუბრნენ და აუხსნეს, როგორი ატმოსფერო იქნებოდა. გუნდური სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ზუროსმა.
შეგახსენებთ, საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი 4 მოგებით და 2 წაგებით დაასრულა, თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებები გაბათილებულია. ამიტომ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 2 მოგებით გადავიდა. მეორე ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი მიმდინარე წლის 24 და 27 აგვისტოს გაიმართება (მეტოქეები ჯერ უცნობია), ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თბილისში, ბელგიის, ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება (1 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე).