სხვა

22:35 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტი და ისტორიული გამარჯვება: საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილია დაამარცხა!

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო თამაში მოიგო!

დეიან სტანოიევიჩის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მას შემდეგ მოხვდა, რაც წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი დისკვალიფიკაციით დასაჯა. საქართველო A ჯგუფში გამოდის, სადაც მასპინძელი და ფავორიტი უნგრეთი, ასევე მონტენეგრო და ბრაზილია ასპარეზობენ.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და 14:10 დაამარცხა! პირველი ორი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა. ლოგიკურიც იყო, რომ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ (5:5).

გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც საქართველომ შესანიშნავად ჩაატარა და 6:3 მოიგო, შესაბამისად ბოლო პერიოდის წინ ხელსაყრელი, სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, რაც ხელიდან აღარ გაუშვია, პირიქით, კიდევ უფრო გაზარდა, რადგან ბოლო პერიოდიც მოიგო (3:2) და საბოლოოდ გამარჯვება იზეიმა.

დეიან სტანოიევიჩის გუნდი მეორე ტურში 23 ივნისს მონტენეგროს შეხვდება, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრას 25 ივნისს, მასპინძელ უნგრეთის ნაკრებთან გამართავს. ბრაზილიასთან გამარჯვებით საქართველომ ჯგუფიდან გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა, რადგან მესამე ადგილოსანიც კი პლეი-ოფში გადის. ტურნირის ფორმატის შესახებ ვრცლად ქვემოთ:

მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 ნაკრები ასპარეზობს, რომლებიც ოთხ 4-გუნდიან ჯგუფებში არიან განაწილებული. ოთხივე ჯგუფის პირველადგილოსანი მეოთხედფინალში ავტომატურად გავა, ხოლო ბოლოადგილოსნები ჯგუფში ჩარჩებიან. მეორე-მესამე ადგილოსნები კი პლეი-ოფში გავლენ, სადაც 4 წყვილი შედგება და მეოთხედფინალის საგზურს ამ წყვილებში გამარჯვებული 4 ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში თამაშობს და მეორე ან მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში პლეი-ოფში მეოთხედფინალის საგზურისთვის B ჯგუფის მეორე ან მესამე ადგილოსანთან მოუწევს დაპირისპირება.

ბრაზილია - საქართველო 10:14 (2:2, 3:3, 3:6, 2:3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117174