რაგბი

15:14 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქარის თასი | მარცხი დამატებით დროში "გრიფონსთან"

ქარის თასის ნახევარფინალში ‘შავი ლომისა’ და ‘გრიფონსის’ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 31:31 დასრულდა, დამატებით დროში კი მასპინძლებმა 41:38 იმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

‘გრიფონსი’ ქარის თასის საუკეთესო გუნდი იყო. მან რეგულარული ჩემპიონატი დაუმარცხებლად განვლო და ‘შავ ლომსაც’ განვითარებისთვის საჭირო, სწრაფი და საინტერესო თამაში შესთავაზა. სამწუხაროა, რომ მასთან რეგულარულ გათამაშებაშიც არ მოგვიწია თამაში…

მატჩის საწყისი წუთები მეტოქის იყო. თამაში ორივე გუნდმა მაღალ ტემპში, ხელდახელ ბურთაობით დაიწყო და ჩვენი ნახევრიდან ხელდახელ ორჯერ შევუტიეთ, მნიშვნელოვანი მანძილიც მოვიგეთ, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო ქულების აღება ვერ მოვახერხეთ. საწყის 20 წუთში დაცვაში რამდენიმე ბოჭვა გაფუჭდა, რასაც ორჯერ მოყვა ხაზის გაჭრა და ორი ლელო მივიღეთ. ამის შემდეგ სტუმრები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ პირველ ტაიმში, 10 საკუთარი დერეფნიდან 6 დავთმეთ და მხოლოდ ორი ლელოს გატანა მოვახერხეთ.

ტაიმის შუაში 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლს სანდრო მამამთავრიშვილის ლელო მოყვა. 27-ე წუთზე მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და სანდრო თოდუას გარღვევის შემდეგ ლელოც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ზედ ლელოს ხაზთან, ოფლოუდის შემდეგ წინთამაში დაფიქსირდა. 36-ე წუთზე ‘შავმა ლომმა’ ძალიან ლამაზი ლელო გაიტანა. ცენტრში აგრესიული დაცვით ბურთის მოპოვების შემდეგ ხაზი ჯერ ლუკა მატკავამ გაჭრა, ის რომ შებოჭეს ბურთი მარცხენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა, სადაც დემე თაფლაძე ორ მბოჭავს გაექცა და ოფლოუდით ლელოში თოდუა შეუშვა. მატკავამ რთული პოზიციიდან ორივე გარდასახა, მაგრამ მეტოქემ ლელოებს შორის ერთი ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე ‘გრიფონსი’ ერთქულიანი უპირატესობით გავიდა – 15:14.

მეორე ტაიმის დასაწყისში შალვა მამუკაშვილმა და ლუკა ივანიშვილმა დერეფნიდან მეტოქისთვის მოულოდნელი კომბინაცია გაითამაშეს, ლუკამ თავად შეუტია და ლელოთი სტუმრები დააწინაურა, მატკავა კი კვლავ 100%-იანი იყო. აღსანიშნავია, რომ მან არაერთი გასატანი პოზიციიდან ჯარიმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ეს 62-ე წუთზე მოხდა, როდესაც ‘გრიფონსმა’ ორი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა და ანგარიში 21:21 იყო.

სამხრეთ აფრიკელებმა ჯარიმით სწრაფადვე გვიპასუხეს და მალე ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. დასკვნით წუთებში ‘შავი ლომი’ თავგამოდებით უტევდა და 77-ე წუთზე დამსახურებული ლელო გაიტანა. მოლის შემდეგ თენგიზ ზამთარაძეს მამამთავრიშვილი წამოეშველა და დუბლი შეასრულა, მატკავამ კი თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მასპინძლებმა ჯარიმით და შეუჩერებელი გარემარბის წყალობით 10-ქულიანი ჰანდიკაპის მოპოვება შეძლეს. თამაშის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე მოლი სანდრო ქოიავას ლელოთი დასრულდა და მატკავამ სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე მარტივ სიტუაციაში ბურთი დავკარგეთ და ‘გრიფონსმა’, რომლისთვისაც ეს მატჩი ქარის თასის უმაღლეს დივიზიონში ასასვლელად უმნიშვნელოვანესი იყო, 41:38 გაიმარჯვა.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს თამაში, ბორჯღალოსანთა ნაწილი მის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, რადგან წინ ივლისის ტესტ-მატჩებია. ახლა, თვენახევრიანი აფრიკული ვოიაჟის შემდეგ, ‘შავი ლომი’ სამშობლოში სრული შემადგენლობით ბრუნდება და ბორჯღალოსნები სანაკრებო მატჩებისთვის გააგრძელებენ მზადებას.

ქარის თასი. ნახევარფინალი. 17 ივნისი ველკომ. HT Pelatona Projects Stadium შავი ლომი გრიფონსი 31:31 (38:41 დ.დ.)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. სანდრო ქოიავა, 20. კოკი თხილაიშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ოთარ ლაშხი.

5 ლელო: მამამთავრიშვილი (2), თოდუა, ივანიშვილი, ქოიავა

5 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110705