ფეხბურთი

3:00 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, ჩრდ. მაკედონიასთან კი რევანში გვინდა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბულგარეთთან გამარჯვების (5:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნაკრების მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა.

კვარაცხელიამ ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მომავალ დაპირისპირებაზე და თქვა, რომ იქ რევანშისთვის მიდიან.

„პირველ რიგში ბულგარეთში ბოლო მარცხისთვის რევანშზე ვფიქრობდით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, 3 ქულა მოვიპოვეთ და ქართველი გულშემატკივრები გავახარეთ. რა თქმა უნდა, ყველა თამაშში მოსაგებად გავდივართ, მეტოქეს და გვარებს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მოხარული ვარ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარე და ჩრდილოეთ მაკედონიაშიც რევანშისთვის ჩავდივართ, რადგან მაგათთან გვაქვს ძალიან დიდი რაღაცა დარჩენილი, რაც უკან უნდა დავიბრუნოთ, მოვიპოვოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ქომაგები გავახაროთ. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. ჩემი აზრით, რამდენ გოლს გავიტანთ მნიშვნელოვანი არაა, მთავარი გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, კარგია, 2:0 ან უფრო დიდი სხვაობით მოგება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ თითოეული მომენტის გამოსაყენებლად, დღეს შრომა დაგვიფასდა, 5 გოლი გავიტანეთ, მეტის გატანაც შეგვეძლო და მუშაობას გავაგრძელებთ. წაუგებელ სერიასთან დაკავშირებით ერთ მიზეზს ვერ გამოვყოფ. გუნდში ერთსულოვნებაა, კარგი ატმოსფეროა, ერთი ოჯახი ვართ, ყველა გამარჯვებისკენ მივისწრაფვით და როცა ამდენი ხალხი მოგვყვება გასვლაზე, ყველაფერს ვიზამთ, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ვილი სანიოლის გუნდს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, საიდანაც 6 შეხვედრა მოიგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რაზგრადიდან

0.107208