სხვა

2:33 | 18.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ველომარათონების ეტაპის პირველი შავკანიანი გამარჯვებული - ბინიამ გირმაი

ერითრეელი ბინიამ გირმაი გახდა პირველი შავკანიანი ველომრბოლი, ვინც დიდი მარათონული რბოლის ეტაპის მოგება შეძლო. სწორედ მან მოიგო ჯირო დ’იტალიას მე-10 ეტაპი. მან გამარჯვება სპრინტერულ ფინიშზე მოიპოვა, მაგრამ ზეიმი შამპანურის ბოთლის საცობმა ჩაუშხამა.

საცობს ბოთლთან დაშორება არ სურდა და როცა მაინც დააშორეს, ტრიუმფატორს მარცხენა თვალში მოხვდა. ამის გამო, გირმაი ჰოსპიტალში წაიყვანეს გასინჯვაზე...

ფინიშამდე 6 კილომეტრი როცა რჩებოდა, გირმაი მარცხენა მოსახვევს ასცდა, მაგრამ თანაგუნდელთა დახმარებით, სპრინტისთვის კარგ პოზიციაში დარჩა და მატიო ვან დერ პოელთან პაექრობაში გაიმარჯვა.

„ჯიროზე იმ მიზნით გამოვედი, რომ თუნდაც ერთი ეტაპი მომეგო. დღეს გუნდში ყველა ჩემთვის გაისარჯა. თვით კლასიფიკაციაში ჩემზე წინ მყოფებიც კი. ბოლოს კი დომენიკო პოზოვივო შეუდარებელი იყო. ფინიშამდე 600 მეტრით ადრე, მან მითხრა, „მიდი“. მან გამარჯვებისკენ მიბიძგა. მივხვდი, რომ ისტორიაში შესასვლელად მზად ვიყავი. ეს ყველაფერი, ჩემი გუნდის და ოჯახის გარეშე ვერ მოხდებოდა. ყველა მათგანის დიდად მადლობელი ვარ“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

ხუან პედრო ლოპესმა ლიდერის ვარდისფერი მაისური კვლავ შეინარჩუნა. ის 12 წამს უგებს მეორეზე მყოფ პორტუგალიელ ჟოაუ ალმეიდას.

0.116191